სტარტაპი
04/03/2021

არქიტექტურული სამუშაოს ავტომატიზაცია - სტარტაპი Simpolium-ის ინოვაციური პროგრამა

სტარტაპი Simpolium-ის ინოვაციური პროგრამა Cityscape Pro საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი გრანტის მფლობელი გახდა.

კომპანიის თანადამფუძნებლის მარიამ ჯაფარიძის თქმით, სტარტაპმა შექმნა ინოვაციური 3D პროგრამა Cityscape Pro, რომელიც არქიტექტურული ვიზუალიზაციის დარგში სამუშაოს 40%-მდე ავტომატიზაციას უზრუნველყოფს.

„პროგრამაზე 2 წელზე მეტი ვმუშაობდით და უამრავ სირთულეს წავაწყდით, რადგან ასეთი მასშტაბური ავტომატიზაციის ხელსაწყო ამ ინდუსტრიაში არ არსებობდა. დღეს პროგრამას უკვე აქტიურად იყენებენ მსოფლიოს მოწინავე არქიტექტურული ვიზუალიზაციის სტუდიებში და მომხმარებლების რაოდენობა სწრაფად იზრდება. ჩვენმა მომხმარებლებმა შეძლეს თავიანთი პროექტის დასრულება გაცილებით მოკლე ვადაში ნაკლები ადამიანური რესურსით და ავტომატიზაციის გამო მათი სამუშაო პროცესი ნაკლებად სტრესული გახდა.    

GITA-ს გრანტს გაყიდვების მასშტაბირებისთვის და პროდუქტის შემდგომი განვითარებისთვის გამოვიყენებთ. ამჟამად, Cityscape Pro წარმოდგენილია როგორც ინდუსტრიაში წამყვანი 3D პროგრამის, 3ds Max-ის გაფართოება. მომავალში, ვგეგმავთ უფრო ფართო მასშტაბებზე გასვლას, Sketchup-ისა და სხვა მსგავსი პლატფორმების მხარდაჭერას. ასევე, საგანმანათლებლო მიმართულებაზეც ვმუშაობთ და მიზნად გვაქვს, მომავალში Cityscape Pro მსოფლიოში არქიტექტურული ვიზუალიზაციის სტანდარტად იქცეს,“ – აღნიშნავს მარიამ ჯაფარიძე.

Cityscape Pro-ს გლობალური გაყიდვები უკვე დაიწყო და მომხმარებლები ჰყავს ამერიკიდან, კანადიდან და ევროპიდან.

„კონკურსში მონაწილეობა საინტერესო გამოცდილება იყო. წარდგენამდე გავიარეთ 1 კვირიანი ტრენინგი, სადაც უცხოელ მენტორებთან მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა და მივიღეთ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. ეს აუცილებლად გამოგვადგება მომავალში ჩვენი სტარტაპის უკეთესად წარსადგენად,“ – განაცხადა სტარტაპის თანადამფუძნებელმა.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, GITA–მ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2020 წლის 17 ნოემბერს მეექვსედ გამოაცხადა. 303 განაცხადიდან 20 გამარჯებული კომპანია საინვესტიციო კომიტეტმა დაასახელა, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორებით მარვინ ლიაო, ჯონათან თაუერი, ტიმ ვაგნერი, ანილ გეჯუანი, შალვა დაუშვილი.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ხუთი რაუნდის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 95 სტარტაპი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები