სტარტაპი
12/01/2021

"bigseventravel-ის რეიტინგში საქართველოს მე-2 ადგილზე მოხვედრა სტარტაპერებისთვის დიდი სტიმულია"

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ექსთავმჯდომარე და Startup Factory-ს დამფუძნებელი Bigseventravel.com-ის რეიტინგში საქართველოს მეორე ადგილზე მოხვედრას მნიშვნელოვან ფაქტს უწოდებს.

როგორც ირაკლი ქაშიბაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, ეს საინტერესო ტენდენციაა მათთვის, ვინც დაკავშირებულია სტარტაპებთან და ახალ ტექნოლოგიებთან. მისი თქმით, საქართველოს მიმართ ყურადღება მთელ მსოფლიოში შეინიშნება, რასაც ადასტურებს ის ფაქტიც რომ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერიალში Silicon Valley, საქართველო, და კონკრეტულად თბილისი მოხსენიებულია როგორც ადგილი, სადაც ყველანაირი პირობაა დისტანციური მუშაობისთვის და ე.წ. workation-ისთვის, არის იაფი და კომფორტული.

„საქართველოში ჩამოდიან საერთაშორისო IT სპეციალისტები, მაღალი კვალიფიკაციის მქომე ადამიანები, გარდა იმისა, რომ ისინი აქ ისვენებენ, პარალელურად მუშაობენ. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ადამიანების იდენტიფიცირება და მათთვის შეთავაზებების გაკეთება, რომ სურვილის შემთხვევაში ჩაერთონ საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებაში, და რეგიონში საქართველოს, როგორც ინოვაციების დედაქალაქის გადაქცევის პროცესში. გამოწვევა საქართველოს შემთხვევაში არის კადრების ნაკლებობა. ძალიან კარგია შეღავათებთან დაკავშირებული კანონის შემოღება, ასევე ინოვაციების სააგენტომაც დაიწყო IT სპეციალისტების გადამზადება, თუმცა კიდევ უფრო მეტია სამუშაოა, რადგან ყველა სტარტაპი დამოკიდებულია სპეციალისტებზე,“ – აღნიშნავს ირაკლი ქაშიბაძე.

ქაშიბაძის თქმით, მნიშვნელოვანია ფინანსური მექანიზმის ჩამოყალიბებაც, რადგან ინოვაციების სააგენტოს მიერ ბოლოს ჩატარებულ კონკურსებში განაცხადების რაოდენობა დაახლოებით 3-ჯერ გაიზარდა და გაცემული გრანტების რაოდენობა იგივე დარჩა.

„ახლა 300-ზე მეტი განაცხადი შემოდის, ადრე დაახლოებით 112 შემოდიოდა. ეს სხვაობა არის დასაბალანსენელი, რადგან ეს ადამიანები დაინტერესებული არიან ინოვაციური ბიზნესის განვითარებით და ეს შესაძლებლობა არ უნდა გავუშვათ,“– ამბობს ქაშიბაძე.

შეგახსენებთ, რომ bigseventravel.com–ის გამოკითხვის შედეგით, საქართველომ მე-2 ადგილი დაიკავა მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნებს შორის, საიდანაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დისტანციურად მუშაობა შეუძლიათ.

 

Businesspartner