სტარტაპი
18/10/2021

Chocomaza – პანდემიის დროს დაწყებული ხელნაკეთი შოკოლადების ოჯახური ბიზნესი

Chocomaza ოჯახური ბიზნესია, რომელიც ხელნაკეთ შოკოლადს აწარმოებს. კომპანიის დამფუძნებელი თამარ გოგოლაძე "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ პანდემიის დროს დაწყებული საქმიანობის გაფართოება და მაღაზიის გახსნა სურს.

“თვითიზოლაციის პერიოდში, მე და ჩემმა შვილებმა გადავწყვიტეთ ტკბილეული ჩვენი ხელით დაგვემზადებინა, სწორედ აქედან წამოვიდა Chocomaza-ს შექმნის იდეაც. როდესაც მომხმარებელი შეკვეთას გვაძლევს, მთელი ოჯახი ვერთვებით პროცესში, ზოგი შოკოლადს ამზადებს, ზოგიც თხილეულს და ჩირს ასუფთავებს, ფუთავს და ბოლოს გამზადებული უფროს შვილს მიაქვს მომხმარებელთან. ამ ყველაფერს დიდი სიყვარულით და ხალისით ვაკეთებთ. 

უკვე 5-6 სახეობის შოკოლადი გვაქვს, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე არსებული ნედლეულით ვამზადებთ,“ – აღნიშნავს თამარ გოგოლაძე.

Chocomaza-ს შოკოლადები ამ ეტაპზე მხოლოდ სოციალური ქსელის საშუალებით იყიდება, ხოლო ფასები ყველა კატეგორიის მომხარებელზეა გათვლილი და 5-დან 100 ლარის ფარგლებში მერყეობს. კომპანია ჯერ მხოლოდ ქართული ბაზარზეა ორიენტირებული.

“საქმიანობა დავიწყეთ სახლის პირობებში და თავიდან ვყიდდით მხოლოდ საახლობლო წრეში, შემდეგ გადავინაცვლეთ ინტერნეტ სივრცეში და გავზარდეთ გაყიდვები სოციალური ქსელების მეშვეობით. სამომავლოდ კი დიდი სურვილი გვაქვს გავაფართოოთ წარმოება, უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ პროდუქცია. ასევე, ვაპირებთ გავხსნათ პატარა მაღაზია, სადაც არამარტო შოკოლადები გაიყიდება, არამედ მომხმარებელს დახვდება ჩაი, ყავა, ცხელი შოკოლადი და ა.შ.

ეს საქმე მიზერული თანხით, პირადი დანაზოგით დავიწყეთ, მაგრამ სამომავლო გეგმების განხორციელებისთვის და გაფართოებისთვის, რომელიმე საგრანტო ან თანადადფინანსების პროექტში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებთ,“ – აღნიშნავს Chocomaza–ს დამფუძნებელი.

 

Businesspartner