სტარტაპი
20/02/2023

GITA-მ ახალი რეგიონალური საგრანტო პროგრამა გამოაცხადა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ახალი რეგიონალური საგრანტო პროგრამა გამოაცხადა.

პროგრამის მიზანია ინოვაციების დანერგვა, ტესტირება ან გაუმჯობესება მათი შემდგომი კომერციალიზაციისთვის. ინოვაციებით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული სუბიექტების საერთაშორისო ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ეკოსისტემაში ინტეგრაცია და მათი კომერციული პოტენციალის გაზრდა.

საგრანტო პროგრამა განხორციელდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. პირველ ეტაპზე აპლიკაციების მიღება დაიწყო აჭარა, იმერეთსა და გურიაში. დაინტერესებულ პირებს 20 თებერვლიდან საშუალება ეძლევათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge  მეშვეობით წარადგინონ განაცხადები. საგრანტო წინადადებებს შეაფასებს კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით და შერჩეული სტარტაპები კომისიის წინაშე წარსადგენად გაივლიან გადამზადების სპეციალურ კურსს, რომელიც მოიცავს:  ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“. საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.

გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. ასევე არარეგისტრირებულმა პირმა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოახდინოს შესაბამის რეგიონში.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებპორტალზე  www.grants.gov.ge.

 

Businesspartner