სტარტაპი
03/11/2020

"ინვესტორი სუპერ იდეასაც არ დააფინანსებს, თუ იდეის ავტორში საუკეთესო განმახორციელებელს არ დაინახავს"

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, სააგენტოს დაფინანსებულ პროგრამებში გადაწყვეტილების მიღება ხდება არა ბიუროკრატიის, არამედ წამყვანი ვენჩერ ინვესტორების მიერ.

„მინდა ვთქვა, რომ ინოვაციები თავიდან ბოლომდე ძალიან სუბიექტურია. ხუთი ჟიურის წევრი გვყავს პროგრამის შეფასებისას და ხშირად ხუთივე მათგანის აზრი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ პროგრამებში კორუფციის, არასწორი გადაწყვეტილების ნიშნები არ არსებობდეს, მიუკერძოებლობა იყოს მაღალ დონეზე, არ იყოს პირადი ინტერესი. ჩვენ სტარტაპები გვანდობენ თავიანთ ნაფიქრს. მათთვის ძალიან ძვირფასს - ინტელექტუალურ ნაშრომს, წვალების შედეგად შექმნილ ინოვაციებს. როგორც კი სანდოობას დაკარგავ სტარტაპები შენთან აღარ მოვლენ,“ - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“.

მისივე განმარტებით, სტარტაპებს შორის ხშირად არსებობს იდეის გაჟღერებასთან დაკავშირებული შიშები, რაც ცალსახად არასწორია.

„ხშირად ვიმეორებ, რომ ეს არის ყველაზე ბოლოს რისიც უნდა გეშინოდეს. დღეს მსოფლიოში არავინარ იპარავს იდეას. მხოლოდ იდეა არაფერია, არის ჰაერი. სწორად რომ ავხსნა, ადამიანს ხშირად გონია, რომ რაღაც იდეა რომ მოუვიდა ეს არის მთავარი და არ უშვებს შესაძლებლობას, რომ 8 მილიარდიან მოსახლეობაში სხვასაც შეიძლება ანალოგიური იდეა არსებობდეს. რაც არ უნდა სუპერ იდეა იყოს, მას ინვესტორი არ დააფინანსებს თუ არ დაინახა რომ ამ იდეასთან ერთად მისი საუკეთესო განმახორციელებელი სწორედ ის გუნდია, რომელიც ამ იდეაზე საუბრობს. შეიძლება იდეა გქონდეს მაგრამ ვერასდროს მიიღო დაფინანსება.
იდეა არის მხოლოდ 10%, 90% კი მისი განხორციელების შესაძლებლობებია. განხორციელება კი შეუძლია მხოლოდ ისეთ ადამიანს, რომელსაც აქვს ბიზნეს გამოცდილება,“ - განმარტა ავთანდილ კასრაძემ.

Businesspartner