სტარტაპი
09/05/2021

ქართული დესერტი ახალი ვარიაციით – "ფენშუს" ფელამუშის ტკბილეული

“ფენშუ“ პანდემიის დროს შექმნილი კომპანიაა, რომელიც მომხმრებლებს 100% ნატურალური ხილისა და ბოსტნეულის წვენით დამზადებულ ფელამუშის დესერტს სთავაზობს.

“ფენშუს" შექმნის იდეა გვანცა ღვედაშვილს რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა, როდესაც პირველად სცადა სხვადასხვა პროდუქტისაგან ფელამუშის გაკეთება.

როგორც ის „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, პანდემიის დროს გადაწყვიტა მისი კულინარიული საქმიანობა ბიზნესად ექცია და 2020 წლის ნოემბერში ბრენდი ქართულ ბაზარზე გამოჩნდა.

„ამ დესერტს სჭირდებოდა განვითარება და ვეცადე შემექმნა რაღაც ახალი, უფრო საინტერესო და განსაკუთრებული არატრადიციული არომატების მქონე დესერტი. ვამზადებთ ბროწეულის, ფეიხოას, თეთრი ყურძნის, წითელი ყურძნისა და სტაფილოსა და ვაშლის ფელამუშებს. ამ ეტაპზე, მომხმარებლებს პროდუქტის ორ ვარიაციას ვთავაზობთ: „ფენშუს“ ნაკრები მოხალული თხილეულით და „ფენშუს“ ნაკრები შოკოლადის სარკალში. პროდუქტი არის სასარგებლო, ბაზრისთვის ახალი, 100%-ით ნატურალური და აქვს განსხვავებული, სასიამოვნო გემოვნური თვისებები.“– აღნიშნავს, გვანცა ღვედაშვილი.

„ფენშუს“ ფელამუში ადგილობრივი ნედლეულით, ხილისა და ბოსტნეულის ნატურალური წვენით მზადდება და არ შეიცავს ქიმიურ კონცენტრატებს. არის 100%-ით ნატურალური პროდუქტი. თხილეულიც არის ქართული, ხოლო შოკოლადი ბელგიური. „ფენშუს“ შეძენა ონლაინ, facebook– გვერდით არის შესაძლებელი. ტკბილეულის ნაკრების ფასი 25 ლარიდან იწყება.

„ჩვენი პროდუქტი ძირითადად ნაკრების სახითაა წარმოდგენილი, კომპანიებისთვის ძალიან საინტერესო პროდუქტი აღმოჩნდა და გვაქვს კორპორატიული შეკვეთები. გვინდა კიდევ უფრო განვავითაროთ კორპორატიული მიმართულება, განსაკუთრებით კი საახალწლო პერიოდში, რადგანაც ახალ წელს ძალიან უხდება ჩვვენი ტკბილეული. ვფიქრობთ, ბრენდს დიდი პოტენციალი აქვს, ჩვენი პროდუქტი საკმაოდ მოთხოვნადია. იმედია, ცნობადობის გაზრდასთან ერთად პროდუქტზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება.

საინვესტიციო ღირებულება დიდი არ ყოფილა, საკუთარი სახსრებით წამოვიწყე ეს სტარტაპი. აქამდე, დაფინანსების მიზნით, საგრანტო კონკურსში მონაწილეობა არ მიმიღია, თუმცა სამომავლოდ საჭიროების შემთხვევაში სპონსორის მოძებნას არ გამოვრიცხავ," – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

 

 

 

Businesspartner