სტარტაპი
12/09/2022

"კნიკის" ჭკვიანი ბეჭედი ფინანსური ოპერაციების შესრულებაში ბრიტანელებსაც დაეხმარება

ქართული ჭკვიანი ბეჭედი ფინანსური, თუ სხვა ოპერაციების შესრულებაში უკვე ბრიტანელებსაც დაეხმარება, - სტარტაპმა CNICK-ი თანამშრომლობაზე მოლაპარაკებები დიდი ბრიტანეთის უმსხვილეს ბანკთან უკვე დაასრულა. გარდა ამისა, CNICK-მა საქმიანობა გერმანიაშიც გააფართოვა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ CNICK-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით კვიციანმა განუცხადა, ინოვაციური ქართული სტარტაპის მომსახურებით უკვე აქტიურად სარგებლობენ ევროპის ყველა სახელმწიფოში, ასევე აშშ-სა და მსოფლიოს კიდევ რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის: ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაშიც.

„ბეჭედს აქვს ძალიან მაღალი უსაფრთხოების დონე. ვიყენებთ ტოკენიზაციას, რაც დღეს საკამოდ მაღალ სტანდარტს წარმოადგენს და ამით შესაძლებლობას ვაძლევთ მომხმარებლებს, რომ ბეჭედი უკვე არსებულ თავიანთ ბარათს მიაბან და გამოიყენონ. ბეჭედს არ სჭირდება ცაკლე ანგარიშის გახსნა ან ბარათის აღება. ამ ეტაპზე, სამწუხაროდ საქართველოს ბაზარზე არ ვართ. ძალიან დიდი მცდელობის მიუხედავად, ქართულმა ბანკება არ ისურვეს ჩვენთან თანამშრომლობა. რაც შეეხება ავტომობილის გასაღების ფუნქციას, ხელმისაწვდომია გლობალურად, CNICK-მა შექმნა პირველი ჭკვიანი ბეჭედი, რაც ავტომობილის, კონკრეტულად, TESLA-ს გასაღების ფუნქციას ასრულებს", - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ დავით კვიციანმა.

ინოვაციური სტარტაპი CNICK-ი რამდენიმე წლის წინ ქართველმა სტუდენტებმა, კობა ცერცვაძემ, დავით კვიციანმა და გიორგი მიქაცაძემ შექმნეს, ის პირველი ქართული მაღალტექნოლოგიური სამომხმარებლო პროდუქტია, რომელიც ადამიანებს ეხმარება ყოველდღიური ფინანსური, თუ სხვა ოპერაციების შესრულებაში. კომპანია „ჭკვიან" ბეჭდებს ამზადებს და მისი გამოყენება ერთდროულად რამდენიმე ფუნქციითაა შესაძლებელი, მათ შორის: უკონტაქტო გადახდები საკრედიტო ბარათის ნაცვლად, Tesla-ს ავტომობილის გაღება და სხვა.

CNICK-ის მეშვეობით გადახდა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც MasterCard მოქმედებს. მალე MasterCard-ს VISA-ც დაემატება, რომლისგანაც CNICK-მა თანხმობა უკვე მიიღო და სერტიფიცირების პროცესს გადის.

Businesspartner