სტარტაპი
05/12/2022

მინისტრი: სახელმწიფოს დაფინანსებულმა სტარტაპებმა ₾350 მლნ-ის კერძო უცხოური ინვესტიცია მოიზიდეს

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150,000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეცხრე ეტაპის გამარჯვებული სტარტაპები გამოავლინა. 

“სამართლიანი და კონკურენტულ პირობებში შერჩევის პროცესი წარმატებით დასრულდა. 20 გამარჯვებული სტარტაპი პირველ ნაბიჯებს გადადგამს საერთაშორისო წარმატების გზაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს სხვა ინსტრუმენტებიც, რომ ასეთ კომპანიებს ხელი შევუწყოთ, რათა საერთაშორისო მასშტაბით გახდნენ წარმატებულები და თავი დაიმკვიდრონ. ვფიქრობ, ეკონომიკის სწრაფი განვითარება ზუსტად ინოვაციებთან არის პირდაპირ კავშირში და ჩვენი სამინისტრო, მასში შემავალი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სახით, ამ მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა სტარტაპების დაჯილდოების ცერემონიაზე.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, სახელმწიფო დაფინანსების პროგრამებმა და მის ფარგლებში შექმნილმა ეკოსისტემამ უკვე მოიტანა მნიშვნელოვანი შედეგები. მისი თქმით, ამის დასტურია ის, რომ დღეის მონაცემებით სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა სტარტაპებმა 350 მილიონ ლარზე მეტი კერძო უცხოური ინვესტიციები მოიზიდეს ქვეყანაში. „ასევე აღსანიშნავია, რომ ერთი თვის წინ ჩვენს მიერ დაფინანსებულმა ქართულმა სტარტაპმა მსოფლიოში უდიდეს ვებ სამიტში სტარტაპების კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა და განსაკუთრებით წარმოაჩინა ქართული ეკოსისტემა,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

2022 წელს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მოცულობა 100,000 ლარიდან 150,000 ლარამდე გაიზარდა. შემოსული განაცხადებიდან სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა ფინალისტები გამოავლინეს, რომლებსაც საინვესტიციო კომისიის წინაშე თავიანთი იდეების წარსადგენად უცხოელი ტრენერები ამზადებდნენ.

პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები