სტარტაპი
31/05/2022

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი მცირე, საშუალო და მსხვილი ღვინის საწარამოებისთვის - სერვისი, რომელსაც ღვინის ინდუსტრიაში მოქმედი ტექნოლოგიური სტარტაპი "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს სთავაზობს.

სტარტაპი ამ ეტაპზე მობილურ ტექნოლოგიურ სერვისს კახეთის რეგიონში არსებულ საწარმოებს სთავაზობს, რაც გულისხმობს ღვინის ჩამოსხმის, ეტიკეტირების, ფილტრაციისა და სტაბილიზაციის სერვისს მაღალტექნოლოგიური დანადგარების გამოყენებით.

სტარტაპის დამფუძნებელი ვასილ მანაგაძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ პროექტის მიზანი იმ მეღვინეების დახმარებაა, რომლებსაც მაღალტექნოლოგიურ დანადგარებზე წვდომა არ აქვთ.

"მეღვინეობაში ჩემი 15 წლიანი გამოცდილებით, მივხვდი, რომ მოვიდა დრო პატარა და საშუალო ზომის მარნებს ყველანაირ სერვისზე ქონდეთ წვდომა, რაც მათ ხარისხიანი ღვინის წარმოებაში დაეხმარებათ. ღვინის ჩამოსხმის კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია, შესაძლოა კარგი ვენახი გქონდეს, ქვევრშიც კარგი ღვინო დააყენო, თუმცა სათანადოდ თუ არ ჩამოასხამ შესაბამისი ხარსისხი არ გექნება. აქედან გამომდინარე, ჩვენი კომპანია ამ პასუხისმგებლობას იღებს თავის თავზე, ჩვენ ვყიდულობთ მაღალტექნოლოგიურ დანადგარებს, რომელიც სტერილური, ჰიგიენური და ენერგოეფექტურია, რაც მეწარმეებს პროდუქტის თვითრებულებასაც კი უმცირებს. ამასთან,  სხვადსხვა სერვისის მისეღებად, არ უწევთ ღვინის ტრანსპორტირება," – აღნიშნავს ვასილ მანაგაძე.

"მხოლოდ კარგი ღვინოები" GITA-ს 100 000 ლარიანი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. როგორც სტარტაპის დამფუძნებელი აცხადებს, მიღებული გრანტი ტექნოლოგიურ აღჭურვას მოხმარდება. ამას გარდა, პროექტში განხორციელებულია 700 000 ევროს ინვესტიცია.

"მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი ჩამოვიტანეთ იტალიიდან, რომელიც ნებისმიერი სახის ბოთლისა და საცობისთვისაა განკუთვნილი. რადგან ჩვენი მომსახურება ხარისხზეა ორიენტირებული, მეწარმეებს საკუთარი პროდუქტის ექსპორტზე გატანაც თავისუფლად შეეძლებათ.

დაახლოებით 3 კვირაა, პროექტის განხორციელება დავიწყეთ, უკვე გვყავს მომხმარებლები. არ აქვს მნიშვნელობა საოჯახო მარანი იქნება ეს თუ მცირე საწარმო, ყველასთან მივდივართ და ვთავაზობთ მაღალი ხარისხის მომსახურებას. საწყის ეტაპზე, ოპერირება დავიწყეთ კახეთში, თუმცა ნელ–ნელა მთელი საქართველოს ათვისებას ვაპირებთ, რადგან ანალოგიური პროებლემებია რაჭაში, ქართლში და იმერეთში," – ამბობს ვასილ მანაგაძე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები