სტარტაპი
29/09/2021

ნათია თურნავა: ქართული სტარტაპები ჩვენი ეკონომიკის დიდ ლოკომოტივად იქცა

ქართული სტარტაპების ეკონომიკაში შეტანილ წვლილზე, მათ კონკურენტუნარიანობასა და მიღწევებზე ეკონომიკის მინისტრი აღნიშნავს. ნათია თურნავამ GITA-ს 100 000 ლარიანი გრანტების გამარჯვებული სტარტაპების გამოვლენის ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში სტარტაპები ეკონომიკის დიდ ლოკომოტივად იქცა.

„ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას განსაკუთრებით ახალგაზრდა, კრეატიულ ადამიანებს, შექმნან ჯგუფები, ახალი იდეებით წარმოჩინდნენ და მოიზიდონ ინვესტორები. ეს ინდუსტრია ამ ბოლო დროს გახდა ძალიან მოთხოვნადი, საკმაოდ დიდ ლოკომოტივად იქცა ჩვენი ეკონომიკის და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო მიმართულებაა, ამიტომ მომავალი არის სწორედ ინოვაციების, სტარტაპების და ჩვენ, ხელისუფლება ყოველთვის გვერდში დავუდგებით ამ მიმართულებას," - აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის ძალისხმევა, გვერდში დაუდგეს და განავითაროს სტარტაპ ეკოსისტემა, პირველ შედეგებს იძლევა.

„მიუხედავად პანდემიისა, განსაკუთრებით ამ ბოლო ორ წელიწადში ჩვენი ადგილობრივი სტარტაპები განსაკუთრებული კონკურენტუნარიანობით გამოირჩევიან, ამაზე მეტყველებს ის წარმატება, რასაც ისინი გლობალურ ბაზარზე აღწევენ, სულ მოკლე ხანში ვითარდებიან და იზიდავენ მილიონობით ახალ ინვესტიციებს" - აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის დაჯილდოება გუშინ გაიმართა. 246 აპლიკანტს შორის 20 გამარჯვებული სტარტაპი გამოვლინდა. თითოეული მათგანი 100 ათასი ლარის გრანტს მიიღებს.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2021 წლის 23 ივნისს მეშვიდედ გამოაცხადა. პროგრამას სააგენტო მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის" (GENIE) მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.

ფინალისტები საფინალო ეტაპისთვის სპეციალურად ამ პროგრამისთვის მოწვეულმა ტრენერებმა მოამზადეს. ტრენინგები ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

Businesspartner