სტარტაპი
11/05/2021

პრემიერი SpinCar-ის მიერ Pulsar AI-ს შეძენაზე: წარმატებული ინოვაციური პროექტის შედეგის მოწმენი ვართ

ციფრული საავტომობილო სავაჭრო პროგრამებისა და მონაცემების გლობალურმა ლიდერმა კომპანიამ SpinCar– მა, ქართული სტარტაპის Pulsar AI შეიძინა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ქართული სტარტაპის წარმატებას ეხმიანება.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, დღეს ჩვენ წარმატებული ინოვაციური პროექტის შედეგის მოწმენი ვართ, რადგან Pulsar AI ავტო-ინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა, ამერიკულმა კომპანიამ SpinCar შეისყიდა.

 „ქართულმა სტარტაპმა Pulsar AI საზღვრები გაარღვია, ოკეანე გადაკვეთა და ყველა სტარტაპერის ოცნება აასრულა! 2014 წელს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შექმნით, ჩვენ ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკური ხედვის განხორციელება დავიწყეთ. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ დროის ამ მოკლე პერიოდში ეკო-სისტემა სწრაფად განვითარდა.

Pulsar AI-ის მთელ გუნდს ვულოცავ ამ გამარჯვებას! ეს არის თვალსაჩინო დადასტურება, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპების შექმნისა და ხელშეწყობის მიმართულებით“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

Businesspartner