სტარტაპი
13/05/2022

Racha with love რეგიონის ტურისტულ მომსახურებას გააერთიანებს - სკოლის მოსწავლეების სტარტაპის გეგმები

Web პლატფორმა Racha With Love რეგიონული მასშტაბის ტურისტულ ობიექტებს, სერვისებსა და ღირსშესანიშნაობებს გააერთიანებს.

სტარტაპის შექმნის იდეა ონის სკოლის 4 მოსწავლეს ეკუთვნის, რომელთა მიზანიც რეგიონალური ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და რეგიონალურ მდგრად განვითარებაში მონაწილეობის მიღებაა.

პლატფორმის ერთ–ერთი დამფუძნებელი ნიკო კიკვიძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ ტურისტული მომსახურებების ერთ სივრცეში გაერთიანების გარდა, პროექტი ადგილობრივ მეწარმეებს თავიანთი პროდუქტის პოპულარიზაციასა და რეალიზაციაში შეუწყობს ხელს.

"ჩვენი მიზანია, რომ რაჭით დაინტერესებული ადამიანებისთვის მოგზაურობა უფრო კომფორტული და მარტივი გავხადოთ. ახლახანს GITA–ს 30 000 ლარიანი გრანტი მოვიპოვეთ, რასაც პლატფორმის აწყობისა და დახვეწისთვის გამოვიყენებთ. ახლა დეველოპერების აყვანის პროცესში ვართ და დაახლოებით 4–5 თვეში მზად იქნება ჩვენი ვებ გვერდი. პარალელურად, ჩვენი გუნდი მუშაობს საინფორმაციო ბაზის შევსებაზე, რომ რაც შეიძლება მეტ ტურისტულ ადგილს, სერვისს და მეწარმეებს მოვუყაროთ თავი. ასევე, რაჭაში უამრავი ადგილობრივი მეწარმეა, რომლებსაც არ აქვთ პიარისა და მარკეტინგის რესურსი. ჩვენს პლატფორმაზე შემოსული მომხმარებელი კი ყველა ადგილობრივ წარმოებას გაეცნობა."–ამბობს, ნიკო კიკვიძე.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე ნებისმიერი ინფორმაციის ვებ გვერდზე განთავსება უფასო იქნება, მხოლოდ დროთა განმავლობაში, როდესაც გადახდის სისტემა დაემატება და მომხმარებლები უშუალოდ პლატფორმიდან შეძლებენ სასტუმროების დაჯავშნას ან პროდუქტის შესყიდვას, მომსახურების საკომისიო დაახლოებით 10%–ით განისაზღვრება. ამასთან, ტურისტებს შეეძლებათ ინგლისურად გაეცნონ ინფორმაციას.

"მას შემდეგ, რაც სტარტაპი დაიწყებს ფუნქციონირებას, გავაკეთებთ მობაილ აპლიკაციას, სადაც ინფორმაციასთან ერთად იქნება გადახდის და დაჯავშნის სისტემაც. აპლიკაციას ექნება ალგორითმი, რაც ნიშნავს, რომ მოერგება ნებიმიერ ენას და ტურისტული პოტენციალის მქონე ადგილს.

სამომავლო გეგმებში გვაქვს GITA–ს უფრო დიდ საგრანტო კონკურსებში მონაწილეობა, ასევე მიღებული შემოსავალიც სრულად მოხმარდება სტატაპის განვითარებას."–აღნიშნავს, Racha With Love–ის თანადამფუძნებელი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები