სტარტაპი
09/03/2022

Scroll: უკრაინის ბაზრიდან წამოსვლას არ ვაპირებთ

ქართული სტარტაპი Scroll-ი თითქმის 1 წელია უკრაინის ბაზარზე ოპერირებს.

როგორი გავლენა ექნება რუსულ აგრესიას და შეაფერხებს თუ არა უკრაინაში Scroll-ის გეგმებს, ამ თემაზე გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" კომპანიის ბიზნეს განვითარების დირექტორმა დანიელ დოინიცინმა ისაუბრა.

მისი თქმით, უკრაინაში Scroll–ს საინტერესო გეგმები ქონდა, მათ შორის "სქროლების" რაოდენობის გაორმაგებასთან დაკავშირებით, ასევე კიევის მუნიციპალიტეტისგან კომპანიას აღებული ჰქონდა ლიცენზია და უკრაინის ბაზრისთვის ახალი პროდუქტის, "ქარის" მოპედების შეთავაზებას აპირებდა. 

"ამ გეგმებით და შემართებით, რომ კოვიდი უკვე წარსულს ჩაბარდებოდა და ჩვენი იდეების განვითარებას შევძლებდით, ამასობაში უკრაინა-რუსეთის ომი დაიწყო. კომპანიის მოტივაცია არის უკეთესი, მწვანე ქალაქები და კეთილდღეობა. ამ მიზნით გაერთიანებული ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც სხვანაირ განვითარებაზე ფიქრობდნენ, ახლა შეიარაღებულები ზიან. კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს და ვცდილობთ ყველანაირად დავეხმაროთ, როგორც შეგვიძლია."- ამბობს დანიელ დოინიცინმა.

როგორც დანიელ დოინიცინი ამბობს, არსებული მდგომარეობის მიუხედავად, კომპანია უკრაინის ბაზრიდან წამოსვლას არ აპირებს და პირველივე შესაძლებლობისას, უფრო დიდი შემართებით გააგრძელებს ოპერირებას.

"რასაკვირველია დავბრუნდებით, არამარტო კიევში, არამედ სხვა დიდ ქალაქშიც. ამ მომენტშიც კი აქტიურად ვთანამშრომლობთ კიევის მუნიციპალიტეტთან. ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც სოლიდარულები არიან ამ საკითხის მიმართ და თავიანთი ორგანიზაციის შიგნით, უკრაინის დასახმარებლად, შემოწირულობის პლატფორმა ჩამოაყალიბეს.

ბევრი კარგი მიზეზი იყო რატომაც გადავწყვიტეთ უკრაინაში შესვლა. ქვეყნის მასშტაბების გარდა, კიევს აქვს ძალიან თანმიმდევრული განვითარება ურბანული მობილობის კუთხით. ჩვენნაირი სტარტაპებისთვის საინტერესოა, როდესაც ქალაქი ასე დინამიურად ვითარდება და მოსახლეობაც ბევრად ადაპტირებულია აპლიკაციებზე და თანამედროვე ცხოვრებაზე. შესაბამისად ჩვენთვის, ასევე "ფაბერისთვის" და სხვა მსგავსი კომპანიებისთვის საინტერესოა უკრიანის ბაზარზე ოპერირება.” -აღნიშნავს, scroll-ის ბიზნეს განვითარების დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ Scroll-ის ელექტროსკუტერები უკრაინაში 2020 წლის ბოლოსკენ გამოჩნდა. 

Businesspartner