სტარტაპი
29/11/2021

სტარტაპი Symply Shop - გამარტივებული ონლაინ მაღაზია ინსტაგრამის მომხმარებლებისთვის

ქართული სტარტაპი Symply Shop ისეთი მცირე ბიზნესების და ინდივიდების დასახმარებლად შეიქმნა, რომლებიც საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას ძირითადად ინსტაგრამის საშუალებით ახდენენ.

როგორც სტარტაპის დამფუძნებელი "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, Symply Shop–ის მობილურ აპლიკაციაზე დარეგისტირებით მომხმარებლები საკუთარი ინსტაგრამ გვერდის სინქრონიზაციას და იქ განთავსებული პოსტების ონლაინ მაღაზიად გარდაქმნას შეძლებენ.

შედეგად გამყიდველს თავისივე ინსტაგრამ პოსტებზე ექნება ბმული, რომელზეც განთავსებული იქნება პროდუქტის შესახებ ინფორმაცია და ამავე ლინკის საშუალებით მომხმარებელი შეძლებს გაიაროს შესყიდვის ყველა ეტაპი- აირჩიოს სასურველი ნივთი, მიუთითოს მიწოდების დეტალები და შეასრულოს გადახდა.

„ჩვენი გადაწყვეტა საშუალებას აძლევს გამყიდველს, ისევე როგორც მყიდველს, თავიდან აიცილონ ინსტაგრამ მესიჯებით ზედმეტი კომუნიკაცია, რომელიც ბევრ დროს და ადამიანურ რესურსს მოითხოვს და შესაბამისად არაკომფორტულია ორივე მხარისთვის.

ჩვენ უკვე გვაქვს პროდუქტის ბეტა ვერსია, თუმცა ზოგიერთ ფუნქციონალს ჭირდება გაუმჯობესება რომელზეც ახლა ჩვენი გუნდი მუშაობს. ბაზარზე გამოჩენას ვგეგმავთ მას შემდეგ, რაც სრულფასოვანი სახე მიეცემა აპლიკაციას, მათ შორის ინტეგრირებული იქნება გადახდის სისტემებიც.“– აღნიშნავს ნათია სვანაძე.

მისივე თქმით, პროდუქტის ხასიათიდან გამომდინარე საზღვრებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, შესაბამისად სტარტაპის გეგმაა, რომ სერვისი ერთდროულად საქართველოსა და უკრაინის ბაზარს მიაწოდონ. რაც შეეხება მომსახურების ფასს, თავდაპირველად Symply Shop მიიღებს საკომისიოს გაყიდული პროდუქციის ტრანზაქციებიდან, ასევე პატარა ბიზნესებს ყოველთვიურ გამოწერასაც შესთავაზებს.

“უამრავი გეგმა გვაქვს, რომელიც ჩვენი პროდუქტის დახვეწასა და ფუნქციონალების დამატებას გულისხმობს. ცოტახნის წინ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 100 000 ლარიანი გრანტი მოვიპოვეთ, რომელსაც ძირითადად ორი მიმართულებით, დეველოპმენტისა და მარკეტინგსთვის გამოვიყენებთ.“– ამბობს Symply Shop–ის დამფუძნებელი.

 

 

Businesspartner