სტარტაპი
28/10/2021

უსაფრთხო და სანდო კრიპტოსამყარო – როგორია სტარტაპი Ambry-ს გეგმები

Ambry, რომელიც GITA-ს 100 000 ლარიანი გრანტის მფლობელია, სტარტაპის განვითარებას და სერვისების დახვეწას აპირებს. საქართველოს სრულად აითვისების შემდეგ, კი საერთაშორისო ბაზარზე გასვლას და დიდ კომპანიებთან თანამშრომლობას გეგმავს.

Ambry ინოვაციური ტექნოლოგიაა, რომელიც ინდივიდუალური მომხმარებლებისა და კომპანიებისთვის კრიპტოსამყაროს უფრო უსაფრთხოს და სანდოს ხდის.

ამ ეტაპზე, Ambry-ის ვებ-პლატფორმა ამოქმედებულია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც კრიპტოსამყაროში ოპერირებენ და კრიპტომიმოცვლის (crypto-exchange) და კომერციის (crypto-trading) პლატფორმას წარმოადგენენ. მათ შეუძლიათ აკონტროლონ მომხმარებელთა ბაზა და საეჭვო ტრანზაქციები. ასევე, თავად დააწესონ და არეგულირონ თუ რომელ ტრანზაქციას მიიჩნევენ საეჭვოდ და სახიფათოდ. აღსანიშნავია, რომ Ambry-ს სერვისს უკვე იყენებს საქართველოში ყველაზე დიდი crypto-exchange პლატფორმა MyCoins-ი.

როგორც სტარტაპის თანადამფუძნებელი ლუკა ლომსაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, სულ მალე Ambry-ს სერვისით სარგებლობას ნებისმიერი ადამიანი შეძლებს. ასევე Ambry კარგი გადაწყვეტაა ბანკებისთვისაც, კერძოდ, მათ შეუძლიათ შეამოწმონ იმ კონკრეტული კრიპტოვალუტის ტრანზაქციების ისტორია, რომელიც ბანკის ანგარიშზე მოხვდა.

“ნებისმიერ ადამიანს საშუალება ექნება, სისტემაში შესვლით სასურველი კრიპტო მისამართი შეამოწმოს და საეჭვო ტრანზაქციების შესახებ მიიღოს ინფორმაცია. ასევე, შესაძლებელი იქნება კრიპტო ტრანზაქციების კოდით გადაამოწმონ, რომელი wallet-დან რომელ wallet-ში წავიდა ტრანზაქცია და რა გზა გაიარა.

სამომავლოდ ვგეგმავთ მობაილ აპლიკაციის გაკეთებასაც, რომელიც სწორედ ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის იქნება დამატებითი კომფორტი, რაც ასევე საშუალებას მისცემს მათ რამდენიმე კრიპტო მისამართის მონიტორინგი ერთდროულად განახორციელონ", – აღნიშნავს ლუკა ლომსაძე.

Ambry ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 100 000 ლარიანი საგრანტო პროგრამის გამარჯვებულია. მიღებული გრანტის დახარჯვას კომპანია ორი ძირითადი მიმართულებით გეგმავს.

“GITA-ს გრანტის ნახევარი დაგვეხმარება სტარტაპის განვითარებაში, უკვე არსებული პროდუქტების დახვეწაში და განვითარებაში, დანარჩენი თანხა მოხმარდება ახალი ფუნქციონალებისა და სერვისების შექმნას. გვინდა, რომ Ambry არ იყოს მხოლოდ კრიპტო სამყაროზე მორგებული პლატფორმა, არამედ იყოს უსაფრთხოების ხელსაწყო, რომელიც როგორც ფინანსურ სექტორს და კრიპტოსამყაროს, ასევე მთლიანად მარკეტს გამოადგება, მათ შორის გეგმაში გვაქვს სადაზღვეო სექტორის ათვისებაც.

GITA-ს გრანტი იყო პირველი დაფინანსება, მანამდე კერძო რესურსებით ვცდილობდით პროექტის განხორციელებას, თუმცა აუცილებლად ვგეგმავთ კიდევ მრავალი კერძო თუ სახელმწიფო ინვესტიცია მოვიზიდოთ, მათ შორის GITA–ს 650 000 ლარინი გრანტი. ამასთან, მას შემდეგ, რაც სტარტაპი საქართველოს სრულად აითვისებს, გვინდა საერთაშორისო ბაზარზე გასვლა და დიდ კომპანიებთან თანამშრომლობა,“ – აცხადებს Ambry-ს თანადამფუძნებელი.

 

Businesspartner