ტექნოლოგიები
09/12/2020

ამერიკულმა გიგანტმა Motorola Solutions-მა ქართული კომპანია „კომუნიკომი“ დააჯილდოვა

შპს “კომუნიკომი“  ამერიკულმა გიგანტმა კომპანია Motorola Solutions-მა 2020 წლის მსოფლიოს 5 გამორჩეულ პარტნიორს შორის გამოარჩია და სპეციალური ჯილდო გადასცა.როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Motorola Solutions-ის ოფიციალურმა პარტნიორმა საქართველოში შპს „კომუნიკომის“ დამფუძნებელმა გიორგი შვანგირაძემ განუცხადა, საქართველო ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა თანამედროვე ციფრული რადიოკავშირგაბმულობის საშუალებების დანერგვისა და მოხმარების მხრივ.

როგორც შვანგირაძე აცხადებს, სწორედ ამ დამსახურებით გამოარჩია Motorola Solutions-მა  „კომუნიკომი“ ყოველწლიურ საპარტნიორო კონფერენციაზე, თავის მრავალრიცხოვან პარტნიორებს შორის.შედეგად, ამერიკულმა გიგანტმა  ჩვენი ქვეყანა და მისი პლატინუმის პარტნიორი კომპანია “კომუნიკომი“ 2020 წელს შესრულებული მნიშვნელოვანი პროექტების მოგების და საუკეთესოდ შესრულების გამო დააჯილდოვა. პრიზი “კომუნიკომს“ ონლაინ გადაეცა.

“ჩვენნაირი პატარა ბაზრის მქონე ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ჯილდო, მისასალმებელია. ამერიკული კომპანია მუდმივად აფიქსირებს იმას, რომ საქართველო პატარა ბაზარია, თუმცა, რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ არის, რომ ამერიკული კომპანიისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს“-აცხადებს შვანგირაძე.

როგორც დაჯილდოვებისას Motorola Solutions-is რეგიონალურმა გაყიდვების დირექტორმა უდო იანკემ ონლაინ ჩართვისას განაცხადა, მათთვის ძალიან სასიხარულოა, რეგიონში, მათ შორის,  მნიშვნელოვანი ბაზრის მქონე ქვეყანაში როგორც საქართველოა, თავი გამოიჩინა კომპანიამ, რომელიც  ბაზარზე სულ რამდენიმე წელია ოპერირებს.

„შპს “კომუნიკომს“ დიდი წვლილი შეაქვს მისი ქვეყნის თანამედროვე ციფრული კავშირგაბმულობის განვითარებაში. მინდა მივულოცო კომპანია “კომუნიკომს“ და მის დამფუძნებელს გიორგი შვანგირაძეს ეს წარმატება და მომავალი წარმატებები ვუსურვო“ - აღნიშნა დაჯილდოვებისას უდო იანკემ.

შეგახსენებთ, ამერიკული გიგანტი რადიოკავშირგაბმულობის სფეროში  Motorola Solutions-ი, დღეის მდგომარეობით, მსოფლიო ბაზრის 70% ფლობს და  თავისი პროდუქციის რეალიზაციას   პარტნიორების მეშვეობით 100-ზე მეტ ქვეყანაში ახდენს. რაც შეეხება შპს „კომუნიკომს“, ის საქართველოში 2015 წელს დაფუძნდა.

 

Businesspartner