ტექნოლოგიები
08/02/2022

"ინტერნეტის ღიაობა-ხელმისაწვდომობასთან ერთად მნიშვნელოვანია უსაფრთხო ინტერნეტ გარემო"

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ინტერნეტის ხელმისაწვდომობასა და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე აცხადებს.

როგორც გურამ გურამიშვილმა უსაფრთხო ინტერნეტის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა, საქართველოში ინტერნეტის მოხმარება და მისი გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებასა და ეკონომიკაზე ყოველდღიურად იზრდება. 

"მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტი და გამოწვევა ფართოზოლოვანი ინტერნეტ - ინფრასტრუქტურის განვითარება და მისი უსაფრთხო გამოყენებაა, რისთვისაც ხორციელდება სხვადასხვა პროექტი, მათ შორის მოზარდებსა და ახალგაზრდებში ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების მიმართულებით. ამდენად, ჩვენთვის, მართალია, მნიშვნელოვანია, ინტერნეტის ღიაობა და ხელმისაწვდომობა, ხოლო მეორე მხრივ, აუცილებელია უსაფრთხო ინტერნეტ გარემოს ფორმირების ხელშეწყობა," - განაცხადა გურამ გურამიშვილმა.

ონლაინ - კონფერენციაზე, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანაორგანიზატორობით ჩატარდა, საჯარო და კერძო სექტორის, აგრეთვე სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა ინტერნეტის მომავალსა და დარგის განვითარების მიმართულებებზე ისაუბრეს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 – 2025 წლების ეროვნული სტრატეგიის და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის" ერთ-ერთი სტრატეგიული მიზნის „ციფრული უნარების და მოთხოვნის განვითარების" აქტივობად მიჩნეულია ციფრული უნარების და წიგნიერების პროგრამების და სახელმწიფო კამპანიების ხელშეწყობა ონლაინ უსაფრთხოების მიმართულებით, რაც განსაკუთრებით აქტუალურია ახალგაზრდა თაობისთვის.

გურამ გურამიშვილის თქმით, სამინისტროს მიერ წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) ექსპერტების მიერ მომზადდა „საქართველოში ონლაინ უსაფრთხოების შეფასების ანგარიში" და რეკომენდაციები. ასევე უკვე ქართულ ენაზეა „ბავშვთა ონლაინ დაცვის სახელმძღვანელო მშობლებისა და აღმზრდელებისთვის", რომელიც შეიქმნა ITU-ს და ბავშვთა ონლაინ დაცვის საკითხებზე მომუშავე მოწინავე ორგანიზაციების მიერ.

„თითოეულ პირს აქვს პასუხისმგებლობა, შეიტანოს თავისი დადებითი წვლილი უკეთესი ინტერნეტის შექმნაში. ჩვენ ყველას შეგვიძლია წავახალისოთ ეს პროცესი სხვებისადმი კეთილგანწყობის და პატივისცემის გამოვლენით, შესაძლებლობების მოძიებით ინტერნეტში დადებითი მასალების შექმნასა და ადამიანების დაკავშირებისთვის. ჩვენ ასევე შეგვიძლია მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება ინტერნეტში არსებულ მიუღებელი ან კანონსაწინააღმდეგო შინაარსის მასალების თუ ქცევის გამოვლენის შემთხვევაში," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, ადგილობრივი "უსაფრთხო ინტერნეტის დღე", ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, კერძო კომპანიების და ყველა დაინტერესებული პირების ჩართულობით, უსაფრთხო ინტერნეტის ფორმირების და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი საკითხების, განხორციელებული აქტივობების და სამომავლო გეგმების განსახილველად.

Businesspartner