ტექნოლოგიები
19/10/2021

"ყველაზე ძვირფასი და შეუფასებელი" - ძმები არველაძეების მაისურები NFT-ის სახით გაიყიდება

NFT ტოკენი ქართულ სპორტში, შოთა და აჩი არველაძეების მაისურები NFT-ს სახით გაიყიდება. ძმებმა 1997 წელს, ბრედასა და აიაქსის მატჩის შემდეგ გაცვლილი მაისურები გააციფრულეს და სხვადასხვა ბლოკჩეინ პლატფორმებზე დაბეჭდილ NFT (Non-Fungible Token) აქტივად აქციეს.
 
გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აჩი არველაძემ განაცხადა, რომ ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი იყო, როდესაც ძმებმა ერთმანეთის წინააღმდეგ პირველად ითამაშეს და სწორედ ამ თამაშზე ნაცვამი მაისურები აღმოჩნდა NFT-ის ციფრული აქტივი.
 
“ალბათ ყველაზე ძვირფასი და შეუფასებელია ეს მაისურები ჩვენთვის, განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება გვაქვს. აქ მთავარი არ არის ფულადი სარგებელი, გვინდოდა პირველები ვყოფილიყავით ბაზარზე და ხალხისთვის აგვეხსნა ეს ტექნოლოგია,” - აღნიშნავს აჩი არველაძე.
 
Re:invent holding-ის თანადამფუძნებლის, პავლე მგელაძის განმარტებით, ნებისმიერი ციფრული თუ არაციფრული აქტივი რაღაც ღირებულებას ქმნის, რომელიც შეიძლება ფიზიკურად ვერ შეიძინო, მაგრამ ციფრული ვერსიის მფლობელი გახდე.
 
“ეს არის ახალი შესაძლებლობა, რომ ადამიანებს გადასცე ის ემოცია, რაც შენ გაქვს. ბლოკჩეინ ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას რომ ნებისმიერი სახის აქტივი დაბეჭდო ციფრულ აქტივად და გაიტანო გასაყიდად მსოფლიოს ბაზარზე. NFT-ს ყიდვისას, აქტივს მოყვება კრიპტოგრაფიულად გაწერილი კოდი, რომელიც განთავსდება კრიპტოსაფულეში.
 
ერთი ნაწილი არის ემოცია და მეორე ეკონომიკა. ემოციურ ნაწილში, რადგან საქართველოში პირველი პრეცედენტია, რომ ქართულ სპორტში არველაძეებმა გააკეთეს ეს, მხოლოდ ამიტომაცაა ღირებული. აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით მსოფლიოში ადამიანების მხოლოდ 1%-ს აქვს კრიპტო საფულე. როდესაც ეს მაჩვენებელი 50%-ს მიაღწევს, უფრო მეტი კაპიტალი დაიწყებს ასეთ აქტივებზე დევნას,” - აღნიშნავს პავლე მგელაძე. 
 
მისივე თქმით, ამ ტექნოლოგიის გამოყენებით იზრდება ჩართულობა ფანებსა და სპორტულ კლუბებს შორის, ასევე ფანებსა და მოთამაშეებს შორის.
 
“შესაძლებელია, რომ ემოცია აქტივად გაყიდო, ამასთან ერთად NFT-ს მისცე რეალური ღირებულება, რომ არ იყოს მხოლოდ ციფრული აქტივი. პირობითად, თუ გაქვს NFT, არველაძე თამაშის შემდეგ ხელმოწერილ ბურთს გამოგიგზავნის და ა.შ.”- აცხადებს Re:invent holding-ის თანადამფუძნებელი.
 
როგორც არველაძემ განაცხადა, სამომავლოდ შესაძლებელია ისეთივე გადახდის საშუალებად გამოიყენებოდეს NFT, როგორც ახლა საბანკო ბარათები და სხვადახხვა კრიპტოვალუტაა.
Businesspartner