ტექნოლოგიები
15/01/2021

რა სარგებელს მიიღებს საქართველო Clean Network-ის წევრობით - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის შეფასება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე განმარტავს, რა სარგებლის მიღება შეუძლია საქართველოს აშშ-სთან 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმის გაფორმებით.

ქით ქროქი ყურადღებას ამახვილებს 5 ძირითად სარგებელზე, რასაც საქართველო მიიღებს უსაფრთხო ქსელების ხაზებში (Clean Network Lines) წევრობით.

„ვინაიდან საქართველო მიილტვის ნატოს წევრობისკენ, გაუმჯობესებული უსაფრთხო ქსელი, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი დადებითი შტრიხი იქნება წევრობის განხილვისას“, - აღნიშნა ქით ქრორმა. მისივე განცხადებით, ნატოს დანიშნულებაა საფრთხეების აღმოფხვრა და ეს საფრთხეები, როგორც წესი, რუსეთს უკავშირდება.

მეორე მიზეზი, მისი თქმით, არის ის, რომ საქართველო უკვე მონაწილეობს ევროკავშირის მწვანე პროგრამებში და Clean Network Lines-ის წევრობით კიდევ უფრო დააჩქარებს ევროკავშირში გაერთიანებას.

„შესაბამისად, ნატოს, ევროკავშირსა და სამ ზღვასთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია Clean Network Lines-ის წევრობა“, - აღნიშნა ქით ქროქმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, მეოთხე მიზეზი - ეს არის საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის კიდევ ერთი შესაძლებლობა.

„მე ამას ვამტკიცებ, ვინაიდან მაქვს კომპანიების შექმნისა და მართვის 30-წლიანი გამოცდილება. ჩვენს ქსელში გაერთიანებულია ისეთი კომპანიები, როგორებიცაა „სისკო“, „ეიჩპი“, „ვუჯიცუ“, და სხვა მრავალი. ეს კომპანიები ახორციელებენ ინვესტიციებს მთელს მსოფლიოში და რა თქმა უნდა, ისინი უპირატესობას მიანიჭებენ იმ ქვეყნებს, რომლებიც იზიარებენ მათ შეხედულებებს უსაფრთხოების შესახებ. აშშ-ს კერძო სექტორისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის კერძო სექტორისთვის ეს იქნება ერთგვარი სიგნალი, რომ საქართველო შესანიშნავი ადგილია ინვესტიციების განსახორციელებლად. ამას ტალღისებური ეფექტი აქვს. კომპანიები ეძებენ ადგილებს, სადაც არ ყვავის კორუფცია და Clean Network Lines-ის წევრობა ის ფაქტორია, რომელიც თქვენ მიერ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებთან ერთად, წაახალისებს მათ, ინვესტიციები განახორციელონ თქვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა მან.

და ბოლოს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, კარგი ამბავი ის არის, რომ აშშ, ისევე როგორც მრავალი წლის განმავლობაში, დაეხმარება საქართველოს Clean Network Lines-ის წევრობით აღებული ვალდებულებების შესრულებაში.

„თანხები იქნება ხელმისაწვდომი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის მხარდაჭერის ფარგლებშიც. კორპორაცია ასევე რეკომენდაციას გაუწევს საქართველოს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მეტიც, კორპორაცია გეგმავს რეგიონალური ოფისი გახსნას საქართველოში. ჩვენ კიდევ ვიმუშავებთ ამ მიმართულებით და ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო წაახალისებს კერძო სექტორს“, - განაცხადა ქით ქროქმა.

აშშ-სთან გაფორმებულ მემორანდუმში აღნიშნულია საკომუნიკაციო ქსელების შეფერხებების ან მანიპულირებისგან დაცვის მნიშვნელობა. ასევე ხაზგასმულია 5G ბაზრებზე საიმედო და სანდო ქსელის აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებლების მხარდაჭერის აუცილებლობა ეროვნული უსაფრთხოების რისკის პროფილის შეფასების გათვალისწინებით და, ასევე, ისეთი ინფრასტრუქტურის ხელშეწყობის საჭიროება, რომლებიც ეფექტურად იცავს 5G ქსელებს არასანქცირებული წვდომისგან ან ჩარევისგან.

Businesspartner