ტექნოლოგიები
23/04/2021

საქართველო სატყეო სექტორში ხელოვნური ინტელექტის დანერგვას გეგმავს

საქართველო სატყეო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას იწყებს. ამ საქმეში კი ქვეყანას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმარება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია სატყეო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენება.

ქვეყანაში ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტი „მდგრადი სატყეო საქმიანობის გაძლიერება Timbeter-ის ინოვაციური ხე-ტყის საზომი ტექნოლოგიის განხორციელება“ მიმდინარეობს.

Timbeter-ი ხე-ტყის გაზომვის ციფრული გადაწყვეტაა, რომელიც იყენებს ავტომატური პროგრამული ალგორითმების სწავლის ტექნოლოგიას და ხელოვნურ ინტელექტს მორის ზუსტი ზომების დასადგენად. ასევე, იძლევა ანგარიშგების გამარტივებულ საშუალებას. Timbeter-ის მიზანი ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების აღმოფხვრა და მერქნის მიწოდების გაუმჯობესებაა.

"ხე-ტყის აღრიცხვის ელექტრონული სისტემის ესტონური მოდელი თანხვედრაში უნდა იყოს ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემასთან (FIMS), რაც ხელს შეუწყობს ხე-ტყის მოძრაობის და მოცულობის ანგარიშგების გაუმჯობესებას და დაეხმარება ტყის მართვისა და ზედამხედველობის ორგანოებს ტყითსარგებლობასა და ტყის დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანად განხორციელებაში", - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა სატყეო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების საკითხებთან დაკავშირებით გამართულ ონლაინ შეხვედრაში, რომელშიც ესტონეთის ელჩი საქართველოში რიინა კალიურანდმა და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა არჩილ ნიკოლეიშვილმა მიიღეს მონაწილეობა.

მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ უკანასკნელ წლებში სამინისტრომ სატყეო სექტორში მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, მათ შორის 2013 წელს დამტკიცებული ეროვნული სატყეო კონცეფცია, რის საფუძველზეც, შემუშავდა „ტყის ახალი კოდექსი’’. კოდექსი პარლამენტმა 2020 წლის მაისში დაამტკიცა.

"ახალი რეგულაციების მიღებით, სატყეო სექტორი გადადის გარდამავალ ეტაპზე. რეგულაციების ეფექტიანად შესრულებისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ტყესთან დაკავშირებული ზუსტი ინფორმაციის არსებობა და აღნიშნული მონაცემების ერთიან სისტემაში განთავსება. 2016 წლიდან, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის შექმნაზე.

თითქმის დასრულდა მუშაობა ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის (FIMS) პირველ კომპონენტზე „ტყის მართვის გეგმის ინვენტარიზაციის“ პროგრამაზე“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

 

 

Businesspartner