ფოტოკრედიტი: თამუნა ბერაძე
ტექნოლოგიები
14/04/2021

Spacefarms-ის გამოწერის მოდელით მომხმარებელი ახლადდაკრეფილ ბოსტნეულს სახლში მიიღებს

Spacefarms–ის ბოსტნეული და მიკრომწვანილები ჭკვიანი ტექნოლოგიების გამოყენებით, სრულად კონტროლირებად გარემოში იზრდება.

ინოვაციური ტექნოლოგიის საშუალებით, მცენარე ნიადაგის გარეშე, 75%–ით ნაკლები წყლისა და 90% ნაკლები მიწის ფართობის გამოყენებით, დახურულ სივრცეში იზრდება. ამასთან, ავტომატიზაციით დისტანციურად კონტროლდება თითოეული მცენარის ტენიანობა, ტემპერატურა, მიმიკური მზის სხივების რაოდენობა და ა.შ

USAID-სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში მიღებული გრანტით, Spacefarms–მა მომხმარებელთან საკომუნიკაციო პლატფორმა შექმნა, რისი საშუალებითაც შესაძლებელია ჩითილების და სხვადასხვა მცენარის შეკვეთა. მანამდე, Spacefarms–ის პროდუქციის შეძენა მომხარებლებს მხოლოდ „აჭარა ჯგუფის“ სასტუმრო „სტამბაში“ შეეძლოთ, სწორედ იქ, სადაც 150 კვ.მ-ზე განთავსებულია მეურნეობა. 

პროექტის ავტორი ტუსია ღარიბაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ ინტერვიუში Spacefarms–ის ინოვაციურ სერვისზე საუბრობს.

გამოწერის სერვისი „ფერმიდან სახლში“, გულისხმობს, რომ მომხმარებელს შეუძლია გახდეს Spacefarms–ის გამომწერი და ყოველთვიურად ან თვეში რამდენჯერმე, სასურველ დროს ბოსტნეულის ნაკრები მიიღოს პირდაპირ ფერმიდან. აღსანიშნავია, რომ ბოსტნეული ფესვიანად მიდის მომხმარებლემდე, ყველა იმ სასარგებლო ვიტამინებით გაჯერებული, რაც ახლად დაკრეფილს აქვს. ბოსტნეულის გაზრდის პროცესში არ ხდება პესტიციდების გამოყენება.  

მუდმივად სიახლეების ძიებაში ვართ, ვატარებთ ექსპერიმენტებს ამა თუ იმ მცენარეზე და როდესაც შედეგს ვხედავთ, ეს ჩვენთვის დიდი წარმატებაა. ასევე, გვაქვს მასტერკლასები, კონსულტაციები, თუ ვინმეს სურს მსგავსი ტექნოლოგიის მეურნეობის შექმენა, ჩვენი ცოდნა და გამოცდილება გვაძლეს საშუალებას, რომ კონსულტაცია გავუწიოთ და ავუშენოთ შესაბამისი მეურნეობა,“ – აღნიშნავს ტუსია ღარიბაშვილი.

SpaceFarms–ი მე-2 წელია რაც საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა. იმის მიუხედავად, რომ მეურნეობა მხოლოდ 150 კვ.მ–ზეა განთავსებული, SpaceFarms –ი თვეში 5000–მდე სრულ ნერგიან მცენარეებს, 5000-მდე ჩითილი, 35 კგ–მდე მიკრო მწვანილს და საკვებ ყვავილს ზრდის. ამ ეტაპზე, წარმოებული ბოსტნეულის ნახევარი მიდის გამომწერებთან, ნახევარი კი „აჭარა ჯგუფის“ რესტორნებში.

„1 წლის მანძილზე მეურნეობაში მოხდა ასობით მცენარის გაზრდა და დაკვირვება მათ შორის მრავალწლიანი სახეობები, პატარა ზომის კიტრი, პომიდორი, ტარხუნა და ა.შ. ექსპერიმემტები ასევე ჩავატარეთ ნუშის ნერგებზე და ვაზის ნერგებზე, ცოდნა და მონაცემები რომელიც დავაგროვეთ არის დღეს ყველაზე ღირებული.

ჩვენი მიზანია, ინოვაციების შექმნა და აგრომეურნებაში მცენარეების მოყვანის ტექნოლოგიების გამარტივება. გამოვიყენოთ სწორი და მდგრადი მენეჯმენტი, ხოლო დანარჩენი ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული,“ – ამბობს  ტუსია ღარიბაშვილი.

Businesspartner