ტურიზმი
11/11/2020

ამ დროისთვის 2021 წლის ყველა ჯავშანი ჰაერშია - სასტუმრო "ბანგურიანი"

მესტიაში მდებარე სასტუმრო „ბანგურიანი“ ზამთრის ტურისტულ სეზონზე 20-30%-იან დატვირთულობას ელის.

სასტუმროს ბიზნესის კონსულტანტის გიორგი დოლიძის განმარტებით, მიმდინარე წელს მთის კურორტებზე მდებარე სასტუმროების გეგმები მთლიანად შიდა ტურიზმზე იქნება დაფუძნებული.

„ზამთარში „ბანგურიანის“ 20-30% შეიძლება იყოს შევსებული, მაგრამ იმ ფონზე, როცა სასტუმროში ხარჯები დაგვრჩა იგივე, ფასები კი გავანახევრეთ - ეს მცირე დატვირთულობა საერთო სურათს ვერ შეცვლის. ვფიქრობთ, თუ ახალ წლამდე არ გამკაცრდა რეგულაციები, მოიხსნა არსებული ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა, შიდა ტურიზმზე დაყრდნობით, 60-70%-იან დატვირთულობას ავცდებით,“ - განმარტა გიორგი დოლიძემ.

მისივე ინფორმაციით, 2021 წლის გაზაფხულისთვის სასტუმროში ჯავშნები უკვე მიღებულია. თუმცა, ტურისტების ჩამოსვლა მთლიანად ფრენების აღდგენასა და ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული.

„სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია ამ ჯავშნებს გარანტირებული სტატუსი მივანიჭოთ, რადგან ვერ ვითხოვთ დეპოზიტებს. დეპოზიტების მოთხოვნა პანდემიის პირობებში, ჩვენი მხრიდან არ იქნებოდა სწორი. ვინაიდან არავინ იცის, რა მიმართულებით იქნება ფრენები, საერთოდ იქნება თუ არა. შესაბამისად, ამ დროისთვის ყველა ჯავშანი არის ჰაერში. შეიძლება გაუქმდეს, შეიძლება არა,“ - აღნიშნა გიორგი დოლიძემ.

Businesspartner