ტურიზმი
12/10/2022

"ამბასადორი გოდერძის" ახალი შენობის გახსნა 2023 წლისთვის გადაიდო

“ამბასადორი გოდერძის“ ახალი შენობის გახსნა 2023 წლის ბოლოსთვის გადაიდო.

როგორც “ამბასადორი ჯგუფში“ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადეს, სასტუმროს მშენებლობა დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, რომელიც უკვე მალე დასრულდება.

როგორც ცნობილია, სასტუმროს გახსნა, 2022 წლის ბოლოს იყო დაანონსებული. დღეს „ამბასადორი ჯგუფში“ ობიექტის არ გახსნის მიზეზად კვლავ საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ამ ეტაპზე დაუსრულებლობას ასახელებენ.

„უბრალოდ, ვფიქრობთ, რომ სანამ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დასრულდება, მანამდე არ გავხსნით მეორე ნაწილს. საუბარია, ხულო - ახალციხის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, რომლის დასრულებაც გეგმის მიხედვით, 2023 წლის ბოლოს იგეგმება,“-აცხადებენ „ამბასადორი ჯგუფში“.

კომპანიის ინფორმაციით, სასტუმრო თანამედროვე დიზაინის და ევროპული სტანდარტების  122 ნომერს, სპას, აუზს, რესტორნებს, ბარებს, კლუბს, საბავშვო სივრცეს, სათხილამურო მაღაზიას და ყინულის მოედანს აერთიანებს. სასტუმროში სტუმრებისთვის იფუნქციონირებს  პარკინგი, ორი საკონფერენციო დარბაზი.

კომპლექსი მოიცავს  დასვენებისა და გართობისთვის ულამაზეს ტერასას, ზღაპრულ ხედებს და ასე შემდეგ.

12 500 მ2 ფართობის 6-სართულიანი ამბასადორი გოდერძის ახალი შენობა დამატებით დაახლოებით 100-120 თანამშრომელს დაასაქმებს.

“ამბასადორი ჯგუფში“ განმარტავენ, რომ არსებულ სასტუმროს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გოდერძის, როგორც კურორტის, განვითარებაში. პროექტის ჯამური ინვესტიცია  მრავალათეულ მილიონ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ სასტუმროში დასაქმებულთა უდიდესი ნაწილი ადგილობრივი მცხოვრებლები არიან.

შეგახსენებთ, "ამბასადორი ჯგუფმა" კურორტ გოდერძიზე პირველი 125 ნომრიანი სასტუმრო 30 მლნ დოლარის ინვესტიციით 2021 წლის 1 მარტს გახსნა.

დღეისთვის სასტუმროში 120 ადამიანია დასაქმებული.

Businesspartner

მთავარი სიახლეები