ტურიზმი
20/07/2021

ასათაშვილი ტურიზმის სტრატეგიაზე: ფულის ფლანგვას შეეშვან, ფუნდამენტურ საკითხებს მიხედონ

„ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელის ვატო ასათაშვილი ტურიზმის გრძელვადიანი სტრატეგიას აფასებს, რომლის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი რეგიონების ცნობადობის გაძლიერება იქნება.

ასათაშვილის თქმით, ყურადღება უნდა გამახვილდეს ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორიცაა ინფრასტრუქტურა და მენეჯმენტი. სახელმწიფოს ფული არ უნდა იფლანგებოდეს მარკეტინგზე, ცნობადობის ამაღლებასა და ვიდეორგოლების გადაღებაზე.  

„რეგიონებში ყველაზე დიდი პრობლემა ტურისტული ინფრასტრუქტურის არარსებობაა, მათ შორის ტურისტულ ობიექტებთან მისასვლელები, მოსასვენებელი და საპარკინგე ადგილები. არ არის საუბარი კაფე-რესტორნებსა და სასტუმროებზე. ამ მხრივ, შეიძლება ითქვას იმერეთი აუთვისებელი ტურიზმის ერთ-ერთი ცხელი წერტილია. საჭიროა, ყველა რეგიონს ყავდეს პასუხისმგებელი პირი და ორგანო, რომელიც პასუხს აგებს ფინანსურ დანახარჯებზეც.

თითქმის ორი წელი გადის პანდემიიდან და ამ დროის განმავლობაში ტურისტული კუთხით არაფერი ხდებოდა, ფაქტობრივად სრული თავისუფლება იყო, შეგვეძლო რეგიონებში ბევრი რამ გაკეთებულიყო, მაგრამ არაფერი გაკეთებულა. რაც შეეხება გრძელვადიან გეგმას, პანდემიის დაწყებიდან ვიძახით, რომ 12-18 თვიანი სტრატეგია წარმოადგინოს სახელმწიფომ, რომ ვიცოდეთ კერძო სექტორმა ვინ რას აკეთებს, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა 10 წლიანი გეგმა წარმოადგინა, რომელიც მოწყვეტილია რეალობას," - აღნიშნავს, ვატო ასათაშვილი.

მისივე თქმით, ჯერ ზემოთ ჩამოთვლილის გაკეთება დაიწყოს სახელმწიფომ და პარალელურად თუ მოხდება 12-18 თვიანი სამოქმედო გეგმის წარმოდგენაც კარგი იქნება. ამასთან, მნიშვნელოვანია ეს არ იყოს საბუთი საბუთისთვის, რადგან ისედაც უამრავი თაროზე შემოდებული სტრატეგია გვაქვს.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა პარლამენტში 2020 წლის საქმიანობის შედეგების შეჯამებისას და დეპუტატებისთვის სამომავლო გეგმების გაცნობისას განაცხადა, რომ ტურიზმის გრძელვადიანი სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი რეგიონების ცნობადობის გაძლიერება იქნება. სახელმწიფო უწყებების რესურსი სწორედ ამ მიმართულებით მიიმართება.

"ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი რეგიონალური მიმართულება იქნება, მაგალითად, იმერეთი. იქ ჩვენ გვაქვს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი. ვაპირებთ, რომ ისეთივე ინტენსივობით დავიწყოთ იმერეთის პოპულარიზაცია, როგორც თავის დროზე დავიწყეთ დედაქალაქის, ბათუმის, კახეთის პოპულარიზაცია," – განაცხადა ქვრივიშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები