ტურიზმი
14/02/2023

ბაკურიანი 2023 იწყება - მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეები უკვე საქართველოში არიან

16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, საქართველოს სამთო კურორტი ბაკურიანი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბაკურიანი 2023-ის ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გაიმართება, რომელშიც 42 ქვეყნის (ავსტრია, შვეიცარია, ყაზახეთი, ავსტრალია, უკრაინა, გერმანია, იტალია, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, ჩინეთი, იაპონია, კანადა, აშშ და სხვა) 700-მდე სპორტსმენი იასპარეზებს.

ჩემპიონატის მონაწილე სპორტსმენები უკვე საქართველოში არიან. მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარდება 30 შეჯიბრი 7 სახეობაში.

ავსტრალიელი სპორტსმენი  ლორა პიელი  აცხადებს, საქართველოში პირველადაა და საუკეთესო გამოცდილების მიღების მოლოდინშია. 

"ვემზადები მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისთვის. ვაპირებ, დავათვალიერო საშეჯიბრო ადგილი ბაკურიანში და რამდენიმე დღე დავისვენო ასპარეზობამდე. ასე რომ, მოუთმენლად ველოდები ახალ გამოცდილებებს, მათ შორის კულტურულ თავისებურებებს, რომელსაც საქართველო შემომთავაზებს,"-აცხადებს ლორა პიელი. 

საქართველოს პირველად სტუმრობს უკრაინის ნაკრების მწვრთნელი აბდულაევ ენვერიც. "თქვენი ზამთრის კურორტების შესახებ ინფორმაციას სულ ვეცნობოდი. მოხარულები ვართ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი სწორედ თქვენთან ტარდება. ძნელია ჩვენს მოლოდინებზე წინასწარ ვისაუბრო, ის დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი გუნდი სერიოზულად ემზადებოდა, იმ პირობებში რაც ჩვენ გაგვაჩნია. დარწმუნებული ვარ, რომ შეჯიბრი საინტერესოდ ჩაივლის,"-აცხადებს აბდულაევ ენვერი.

შეგახსენებთ, ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.

Businesspartner