ტურიზმი
26/01/2021

Bakuriani House: ამ სეზონზე 15 ათასი ევროს ზარალი გვაქვს

სასტუმრო Bakuriani House-ის მეპატრონე მიხეილ ძაგანიას თქმით, ბიზნესი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და აუცილებელია ოპტიმალური ვარიანტის გამონახვა და კურორტის გახსნა.

„ეს სეზონი შეიძლება ითქვას ჩავარდა, რამაც დიდი ზიანი მოგვაყენა ჩვენც და ბევრ სხვა ბიზნეს სექტორსაც. გვაქვს საბანკო ვალდებულებები, იმის გამო, რომ მუშაობას ვერ ვაგრძელებთ, ამ სეზონზე 15 ათას ევრომდე ვიზარალეთ. რეგულაციების გამკაცრებამდეც უამრავი თანხა დავხარჯეთ იმისთვის, რომ სასტუმროს ყველა წესის დაცვით ემუშავა.

არ გვაქვს ინფორმაცია, თუ როდის გაიხსნება სამთო–სათხილამურო კურორტები. იმ სასტუმროების მსგავსად, რომლებიც მთის კურორტებს არ ეკუთვნის და მუშაობენ  წესების დაცვით, ჰყავთ დამსვენებელი, ჩვენც შეგვეძლო ფუნქციონირება. რაღაც ალტერნატივის გამონახვა აუცილებელია, თუნდაც, საბაგიროების დაკეტვა, მაგრამ სასტუმროების გახსნა, რადგან ბიზნესი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.“–აღნიშნავს სასტუმროს მეპატრონე.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი თებერვლიდან ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვების შემსუბუქება იგეგმება, თუმცა, ეს არ ეხება ზამთრის კურორტებს.ზამთრის კურორტებზე შეზღუდვები 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესდა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები