ტურიზმი
16/07/2020

ბაკურიანის სსიპ-ის შექმნა შეიძლება კრახით დასრულდეს - მაია სიდამონიძე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე კურორტ ბაკურიანის უკეთ მართვის მიზნით სსიპ-ის დაფუძნებას „ბიზნესპარტნიორთან“ ეხმაურება.

მისი განმარტებით, კიდევ ერთი რგოლის შექმნა, რომელიც დამატებით ბიუროკრატიასთან და დამატებით თანხებთან იქნება დაკავშირებული, არამიზნობრივი და არასწორია.

როგორც სიდამონიძე აღნიშნავს, იდეა წინგადადგმული ნაბიჯი ნამდვილად არ არის იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში არსებობს შესაბამისი სტრუქტურები, რომლებიც ცალკეულად ამ საკითხებზე პასუხისმგებლები არიან. მათ შორის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და ასე შემდეგ.

„გამოდის, რომ ის შესაბამისი სტრუქტურები, ვისაც აქამდე პასუხისმგებლობა ჰქონდა, ვერ უძღვებიან თავიანთ საქმეს კარგად. რა გარანტია გვექნება, რომ ესენი სწორად გააკეთებენ? მაგალითად, ზამთრის სეზონზე ყველაზე დატვრითული ბაკურიანი-გუდაურია.საბოლოო ჯამში,რა გახდა ამის მართვა?მაშინ დაითხოვონ ინფრასტრუქტურის სამინისტროში და ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ხალხი და იმის ხარჯზე გააკეთონ. არ შეიძლება ამდენი საბიუჯეტო სახსრების გადასროლა ისევ უზარო ინიციატივაში, რომელიც წინაასაარჩევნოდ ჰგონიათ რომ კარგია. ნამდვილად არ არის ეს ასე. ჩახედონ საერთაშორისო პრაქტიკას კურორტები  როგორ იმართება. კონკრეტული მოდელები არსებობს და მაგალითები, რატომ ვიგონებთ ახალ რამეს, რომელიც არავის დაუტესტავს და რაც შეიძლება კრახით დამთავრდეს“,- ამბობს მაია სიდამონიძე.

მისივე განმარტებით, ტურიზმში არსებობს ტურისტული მიმართულების მართვის ორგანიზაციები (DMO), რომლის მოდელებიც გაკეთდა დონორი ორგანზიაციების დახმარებით სამცხე-ჯავახეთში, სამაგრელოში, კახეთში, იმერეთში. ეს ორგანიზაციები დაკომპლექტებულები არიან როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდანაც. „ვფიქრობ, მათი გაძლიერება უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა, ვიდრე დამატებითი სტრუქტურული ერთეულების ჩამოყალიბება, რომელიც აბსოლუტურად არ არის მიზანშედეგობრივი არაფერთან“,- აცხადებს სიდამონიძე.

როგორც ცნობილია, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, დაბა ბაკურიანი და სოფელი მიტარბი განისაზღვრა იმ დასახლებათა ერთობლიობად, რომელშიც ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ახალ მართვის ორგანოს დააფუძნებს.

 

Businesspartner