ტურიზმი
09/08/2021

ბაკურიანში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო "ლაბაუ" სტუმრებს 2022 წლის ზაფხულიდან მიიღებს

სასტუმროების ქსელი „მგზავრები“ ბრენდ „ლაბაუს“ სახელით ბაკურიანში 5 ვარსკვლავიან სასტუმროს 2022 წლის ზაფხულში გახსნის.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „მგზავრების“ დირექტორის მოადგილემ, მადლენა მანუსაჩიანმა განუცხადა, დაგეგმილი იყო ობიექტის მიმდინარე წლის ბოლოსთვის გახსნა, თუმცა, პანდემიის გამო, პროცესი გაჭიანურდა. 

მისი ინფორმაციით, 2021 წლის ბოლოს დასრულდება კარკასის სამუშაოები. სასტუმროში 125 მაღალი კლასის ნომერი იქნება.

გარდა ამისა, სასტუმროს აქვს 3 ჰა დაცული ტერიტორია, მოეწყობა ღია და დახურული აუზები; ფიტნეს და სპა ცენტრი, ასევე სპორტული და საბავშვო გასართობი მოედნები. 

კომპლექსში შედის რესტორნები და კაფე ტერასით, ღია და დახურული ავტოსადგომები, საკონფერენციო დარბაზი, სარეკრეაციო ზონა, ადმინისტრაცია და დაცვის 24-საათიანი მომსახურება.

როგორც მანუსაჩიანი აცხადებს, პროექტში 5 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

მისი განცხადებით, პროექტის კონცეფცია მომხმარებლებისთვის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს შეთავაზებაა, რომელსაც შესაბამისი დონის ინფრასტრუქტურა ექნება. მანუსაჩიანი განმარტავს, რომ ეს უძრავი ქონების ქართულ ბაზარზე სიახლეა. კერძოდ, კომპანია ყიდის სასტუმროს ნომრების 40%-ს, რაც მესაკუთრეს სასტუმროს მეწილედ აქცევს. 

„მგზავრების“ სასტუმროების ქსელი უკვე 10 წელია ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი. სასტუმროს ტიპის აპარტამენტების კონცეფცია საქართველოში პირველად სწორედ „მგზავრებმა“ წარადგინა.

კომპანიის სტრატეგია, საქართველოს პოპულარულ კურორტებზე 5 ვარსკვლავიანი ინფრასტრუქტურის მქონე სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა, სასტუმროს ნომრების რეალიზაცია და სასტუმროს მენეჯმენტია.

10 წლის მანძილზე მგზავრებმა განახორციელა:

  • 11 პროექტი ბაკურიანში;
  • 4 პროექტი ბათუმის სანაპირო (გონიო);
  • 1 პროექტი  გუდაურში;
  • 2 პროექტი ბათუმში;

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები