ტურიზმი
07/07/2021

ბორჯომი ლიკანი: პანდემიამდელ მაჩვენებელს მოსალოდნელზე სწრაფად ვუბრუნდებით

სასტუმრო, "ბორჯომი ლიკანი" ივლისში 85%-იან დატვირთულობას ელოდება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, პესიმისტური განწყობის მიუხედავად, მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა.

“თითქმის დავუბრუნდით პანდემიამდელ მაჩვენებლებს, ეს იმაზე სწრაფად ხდება, ვიდრე წარმოგვედგინა. 2019 წლის მონაცემების დაახლოებით 85% შესრულებული გვაქვს, იმედია, ეს ტენდენცია სექტემბერშიც შენარჩუნდება.

სასტუმროს სპეციფიკიდან გამომდინარე, ბევრი ტურისტი ჩამოდის სარეაბილიტაციო პროგრამისთვის. დამსვენებლების დაახლოებით 70% უცხოელია. უმეტესად გვსტუმრობენ ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, გალფის ქვეყნებიდან და რუსეთიდანაც. წინასწარი ჯავშნები გვაქვს, თუმცა, ძირითადად იჯავშნება 2 კვირის ჭრილში, როგორც ადრე იყო, 1–2 თვით ადრე დაჯავშნის ტენდენცია აღარ არის," –აღნიშნავს ბრენდის განვითარების დირექტორი  ქეთევან ნადარეიშვილი.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ივნისიდან აღდგა ტურისტული ტურების ორგანიზება და „ბორჯომი ლიკანიც“  ამ პროცესში ჩართულია.

"მთელი დღე მხოლოდ სასტუმროში ყოფნა მოსაწყენია, ამიტომ რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად დამსვენებლებს ტურებსაც ვთავაზობთ. ის ფაქტი, რომ რესტორნები და ღია გასართობი სივრცეები გაიხსნა ტურისტისთვის უკეთესი დასვენების პირობას ქმნის. თუმცა, ინფრასტრუქტურას სჭირდება ყურადღების მიქცევა, განსაკუთებით პარკს. ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი, რომ კურორტს უკეთესი იერ-სახე ჰქონდეს,“ - აღნიშნავს ქეთევან ნადარეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი" ქალაქ ბორჯომში, თბილისიდან 177 კმ–ს სავალზე, მინერალური წყლების და წიწვოვანი პარკის შუაგულში მდებარეობს. სასტუმრო დამსვენებელს გამაჯანსაღებელ პროცედურებს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ „ბორჯომი ლიკანის“ სამედიცინო ცენტრმა კოვიდგადატანილი პირებისთვის სპეციალურად შემუშავებული სარეაბილიტაციო პროგრამები შექმნა.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯომი-ლიკანის" 100%-იანი წილის მფლობელმა "საპარტნიორო ფონდმა" რამდენიმე მცდელობის შემდეგ სასტუმრო გასაყიდად აუქციონზე ისევ გამოიტანა, ღირებულება ამჯერად 13.5 მლნ დოლარით არის გაიაფებული და მისი საწყისი ფასი 24.042 მლნ დოლარით განისაზღვრა.

საჯარო აუქციონი 2 აგვისტოს, 14:00 საათზე, „საპარტნიორო ფონდის“ ოფისში გაიმართება.

ფონდი ინვესტორს სთავაზობს სასტუმროს აქტივების 10-წლიან აღნაგობა/იჯარას, შესყიდვის უფლებასთან ერთად. შესაბამისად, აუქციონზე გასაყიდი თანხა მხოლოდ შესყიდვის თანხაა და არა იჯარის ან აღნაგობის საფასური. იჯარის და აღნაგობის წლიური ქირა/საფასურია აუქციონში დაფიქსირებული შესყიდვის ფასის 8%-ია.

სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ კუთვნილებაშია 156600.00 კვ.მ მიწის ფართობი და სასტუმროს შენობა-ნაგებობები. ფონდის საკუთრებაში რჩება მიმდებარე მიწის ნაკვეთი - 234425.00 კვ.მ, მისი შემდგომი განვითარების მიზნით, ფონდი მზადაა, ინვესტორების დაინტერესების შემთხვევაში, საინვესტიციო პროექტები განიხილოს.

აღშანიშნავია, რომ სასტუმროს პირველ საჯარო აუქციონზე გასაყიდი საწყისი ფასი 37.565 მლნ დოლარი იყო, მეორე აუქციონზე 30.052 მლნ დოლარი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები