ტურიზმი
12/11/2020

Caucasus Travel: საშემოსავლო და ქონების გადასახადების დროებით უნდა გაუქმდეს

„თუ ადრე გადასახადების გადავადების აუცილებლობაზე ვსაუბრობდით, დღეს უკვე უნდა ვისაუბროთ, საშემოსავლო და ქონების გადასახადების დროებით გაუქმებაზე,“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ტურისტული კომპანია Caucasus Travel-ის დირექტორმა განუცხადა.

საბა კიკნაძის განმარტებით, გადასახადების გადავადება პანდემიის დასაწყისში ტურიზმის სექტორისთვის იყო მისაღები მოცემულობა. თუმცა იმის ფონზე, რომ სიტუაცია კიდევ უფრო მეტად არის დამძიმებული, 6 თვის წინ მიღებული ზომები დღეს საკმარისი აღარ არის.

„ჩემი აზრით, საშემოსავლო გადასახადი უბრალოდ უნდა გაუქმებულიყო. ამ ნაბიჯის გადადგმა არც ახლა არ არის გვიან. საიდან უნდა გადაიხადოს ტურიზმის ბიზნესმა დაგროვებული საშემოსავლო ან ქონების გადასახადები თუნდაც აპრილ-მაისში?! სტარტაპის ეტაპზე მყოფი, გაჩერებული და განულებული ბიზნესისთვის ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა. გადავადებაც თავის დროზე კარგი იყო. იმედი გვქონდა, რომ ექვს თვეში რაღაც უკეთესობა იქნებოდა, მაგრამ გავიდა ამდენი დრო და შემდგარი ფაქტია, არანაირი მოძრაობა არ ყოფილა. ტურიზმის სექტორი ფაქტობრივად მოკვდა,“ - აღნიშნა საბა კიკნაძემ.

Businesspartner