ტურიზმი
01/12/2020

დღეს ვიკეტებით, მაგრამ გადარჩენის იმედი გვაქვს - სასტუმრო Gudauri Lodge

Gudauri Lodge-ი დღეს იკეტება, აქამდე სასტუმრო საკარანტინე სივრცის სტატუსით მუშაობდა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Gudauri Lodge-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა დუჩიძემ განუცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან შემცირებულია მოთხოვნა საკარანტინე სივრცეებზე და ხალხი ახლა ძირითადად, სახლში მკურნალობს, საკარანტინე სივრცეების დაკეტვაზე  მიიღეს გადაწყვეტილება. „აღარ გვიღირს ასე მუშაობა“, - აცხადებს ეკა დუჩიძე.

მისი განცხადებით, გუშინ ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასა და სათხილამურო კურორტების სასტუმროების ხელძღვანელებს შორის შეხვედრაზე ინდუსტრიამ მიიღო დაპირება, რომ  პრემიერთან შედგება შეთანხმება და ნოემბერ-დეკემბრის საშემოსავლო გადასახადს  არ გადაიხდიან.

„ჩვენი თხოვნა იყო, რომ შეღავათი გაგვიწიონ გაზის გადასახადზე, რადგან სასტუმროს დახურვის შემთხვევაში გათბობა მაინც უნდა იყოს ჩართული, რომ წყალი არ გაიყინოს და სისტემა არ დაზიანდეს. მინისტრს ვთხოვეთ „სოკართან“ შუამდგომლობა, რომ ზამთრის პერიოდში დაგროვილი გადასახადი გადაგვინაწილონ“, - აცხადებს დუჩიძე.

როგორც სასტუმრო Gudauri Lodge-ის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, საჭიროების შემთხვევაშიც კი სასტუმრო კოვიდ სასტუმროდ ალბათ ვერ იმუშავებს, რადგან ის ტერიორიულად ახლოს რომელიმე სააავადმყოფოსთან არ არის. „ჩავწერეთ სიაში, რომ გვაქვს სურვილი, თუმცა, ვნახოთ“, - აცხადებს დუჩიძე.

როგორც დუჩიძე აცხადებს, ამ დროისთვის უცნობია როდის მოახერხებს სასტუმრო გახსნას, თუმცა იმედოვნებს, 2021 წლის ზაფხულის სეზონისთვის მაინც იქნება მუშაობა. „მანამდე კი, იმედი გვაქვს გადავრჩებით“, - აცხადებს ეკა დუჩიძე.

შეგახსენებთ, 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების გარდა, ზამთრის კურორტებზე დამატებითი რეგულაციები ამოქმედდა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

ამასთან, სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობა დასაშვები იქნება მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად.

 

 

Businesspartner