ტურიზმი
30/11/2020

ერეკლე კოკაია: თანხმა ვართ სახელმწიფოს Inn Group-ის სერვისები ნებისმიერ ფასად შევთავაზოთ

Bakuriani Inn-ის და Gudauri Inn-ის მმართველი კომპანია Inn Group-ი მზად არის მთავრობას ზამთრის კურორტზე არსებული ორივე  ობიექტი კოვიდ სასტუმროს მოსაწყობად ნებისმიერ ფასად შესთავაზოს.

როგორც Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, აღნიშნული შეთავაზება მან  დღეს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასა და სასტუმრო ბიზნეს შორის გამართულ შეხვედრაზეც დააყენა.

„დღევანდელ შეხვდერაზე ეს იყო მთავარი თემა, რომ კერძო სექტორისგან მოესმინათ რა პრობლემების წინაშეა სექტორი ახალი შეზღუდვების გამო. როგორც მივხვდი, შეზღუდვების შეცვლის პერსპექტივა ამ  ეტაპზე არ არის. ეს მოხდება მარტო იმ შემთხვევაში, თუ იანვრის ბოლოს ეპიდემიოლოგიური ვითარება გამოსწორდება, შესაძლებელია მოხდეს თებერვალში აღნიშნული შეზღუდვების შერბილება“, - აცხადებს ერეკლე კოკაია.

მისი ინფორმაციით, მთავრობისგან სასტუმროს ბიზნესმა მიიღო დაპირება, რომ აუცილებლად მოხდება საშემოსავლო და ქონების  ნოემბერ-დეკემბრის გადასახადის გადავადების განხილვა.  გარდა ამისა, შესაძლოა მოხდეს კომუნალური გადასახადების გადავადებაც.

„ბაკურიანსა და გუდაურში რამდენიმე სასტუმროში ვართ, რომლებიც საკარანტინე ზონა ისე ვმუშაობთ. თუმცა, ეს მიმართულება ახლა პოპულარული აღარ არის, რადგან ხალხი დღეს უკვე სახლებში მკურნალობს. აქედან გამომდინარე, ვეღარ ვუმკლავდებით ხარჯებს. ამიტომ, ჩვენც და ჩვენთან ერთად სხვა სასტუმროებმაც გამოთქვეს მზაობა, რომ ვიმუშაოთ კოვიდ სასტუმროებად. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ თანამშრომლები შევინარჩუნოთ“, - აცხადებს ერეკლე კოკაია.

როგორც Inn Group-ის  აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, მთავრობამ განმარტა, რომ იქნება გარკვეული კრიტერიუმები, რაც ობიექტმა უნდა დააკმაყოფილოს იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში კოვიდ  სასტუმროდ გადაკეთდეს. მათ შორისაა, საავადმყოფოსთან ახლო ლოკაცია.

„ისიც გასათვალისწინებელია, რომ საავადმყოფოებში ადგილი საერთოდ არ არის, შესაბამისად, შევთავაზეთ, რომ ეს სასტუმროები გადაკეთდეს საავადმყოფოებად. ჩვენ თანახმა ვართ, შევთავაზოთ სერვისები, რომელიც სჭირდებათ და ეს მოვახდინოთ ნებისმიერ თანხად, რაც მათ აწყობთ. ველოდებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება. ჩვენს შორის მედიატორი ტურიზმის ადმინისტრაციაა“, - აცხადებს ერეკლე კოკაია.

მისივე განცხადებით, კომპანია Inn Group-ი თანახმაა იმუშაოს მოგების გარეშე, ოღონდ თანამშრომლები შეინარჩუნოს. როგორც ერეკლე კოკაია აცხადებს, კომპანია ორივე სასტუმროს (ბაკურიანი, გუდაური)  შემთხვევაში თვეში დაახლოებით 1-1.3 მილიონ ლარამდე შემოსავალს დაკარგავს.

შეგახსენებთ, 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების გარდა, ზამთრის კურორტებზე დამატებითი რეგულაციები ამოქმედდა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

ამასთან, სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობა დასაშვები იქნება მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად.

Businesspartner