ტურიზმი
23/09/2022

გალტ & თაგარტი: საქართველო გლობალური ტურიზმის აღდგენას ჩამორჩება

საქართველო ოდნავ ჩამორჩება გლობალური ტურიზმის აღდგენის დინამიკას, რაც რეგიონში შექმნილი ვითარებით აიხსნება. 

როგორც გალტ & თაგარტის კვლევაშია ნათქვამი, რუსეთ-უკრაინის ომმა ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტების ჩამოსვლა შეასუსტა. 

რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისში უარყოფითი გავლენის შემდეგ, ტურიზმის აღდგენა დაჩქარდა 2022 წლის მაისიდან.

ტურისტული ვიზიტების აღდგენამ 2019 წლის დონესთან შედარებით შეადგინა 56.8% 2022 წლის პირველ ნახევარში და 78.7% 2022 წლის ივლის-აგვისტოში.

ამასთან, ტურიზმის შემოსავალი ვიზიტებთან შედარებით უფრო სწრაფად აღდგა  - 78.3% 2022 წლის პირველ ნახევარში და 123.6% 2022 წლის ივლის-აგვისტოში 2019 წლის შესაბამის პერიოდებთან შედარებით. აღნიშნული აიხსნება მიგრანტების შემოდინებით, მაღალი ინფლაციითა და ვიზიტების სტრუქტურით (ტურისტული ვიზიტები აჭარბებს ერთდღიან ვიზიტებს).

ტურისტებმა ახლო აღმოსავლეთიდან და ცენტრალური აზიიდან უკვე გადააჭარბეს 2019 წლის მაჩვენებელს, მაშინ როცა ყველა მეზობელი ქვეყანა ჩამორჩება პანდემიამდელ დონეს. მაგალითისთვის, აზერბაიჯანის შემთხვევაში ეს უკავშირდება საზღვრის კვეთაზე შენარჩუნებულ შეზღუდვებს.

Businesspartner