ტურიზმი
24/02/2023

გასულ წელს, საქართველოდან ყველაზე მეტმა ადამიანმა რუსეთსა და თურქეთში იმოგზაურა

2022 წელს, საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ მოგზაურების 2.2 მილიონი გასვლა დაფიქსირდა, რაც 3.7-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.8 პროცენტი, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა. აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.7 მილიონი შეადგინა, რაც 3.2-ჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

რაც შეეხება უშუალოდ ტურისტულ ვიზიტებს, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 944.2 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 99.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა, 49.2 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 46.5 პროცენტს შეადგენდა

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში.

2022 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.1 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 95.9 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 1.8 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 1 078.6 ლარია.

Businesspartner