ტურიზმი
13/06/2022

გიორგი კაკაურიძე: წელს ტურიზმის აღდგენამ, შესაძლოა, 80%-ს გადააჭარბოს

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ვარაუდობს, რომ 2022 წელს ტურიზმის აღდგენა 80%-ს გადააჭარბებს. 

"ტურიზმი პანდემიის დროს ყველაზე მეტად დაზიანდა. 2020 წლის მარტიდან მნიშვნელოვნად შემცირდა საქართველოში ტურისტული ვიზიტები. შესაბამისად, ტურიზმიდან გენერირებული თანხებიც ქვეყნის ეკონომიკაში მინიმალური იყო. გასულ წელს, ჯამში ვიზიტორთა რაოდენობამ შეადგინა 1.9 მლნ ვიზიტორი. ქვეყნის ეკონომიკაში გენერირებული თანხა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ჯამში შეადგინა 1.2 მლრდ დოლარი. 2019 წელს რომ შევადაროთ, 2021 წლის პირველ ნახევარში აღდგენის პროცესი დაბალი იყო, ზაფხულიდან დაახლოებით 50%-იან ნიშნულს ასცდა აღდგენის მაჩვენებელი. თუმცა, საბოლოო ჯამში, წლიური შეჯამებით თუ ვიტყვით, იყო დაახლოებით 38% აღდგენა ეკონომიკაში ტურიზმის შემოსავლების. წელს პირველი 4 თვის განმავლობაში დაახლოებით 68%-ზე ვართ ასული და კარგი დინამიკაა. მოლოდინი გვაქვს, რომ წლიურად მინიმუმ 70% იქნება აღდგენა და შესაძლოა, 80%-საც გადააჭარბოს. ჩვენს ეკონომიკურ ზრდაზე ეს კიდევ დადებით ეფექტს იქონიებს", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.  

Businesspartner