ტურიზმი
20/05/2023

გიორგი პაპავა: ტურიზმის შესახებ ახალი კანონპროექტი ბევრ მიმართულებას აწესრიგებს

გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში

„ნამდვილად ვფიქრობ, რომ ცოტა უფრო ადრეც შეიძლებოდა ტურიზმის შესახებ ახალი კანონის მიღება.“- ამის შესახებ „რეფომეტრის” მენეჯერმა გიორგი პაპავამ განაცხადა. მისი თქმით, ტურიზმის შესახებ ახალი კანონპროექტი ბევრ მიმართულებას აწესრიგებს და ძალიან ბევრი მხარეა მასში ჩართული.

„უნდა ითქვას, რომ აქ ბალანსია დასაცავი  ერთის მხრივ რეფორმების სწრაფად განხორციელებასა და კანონპროექტის შემუშავებაში მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფას შორის. მე ვიტყოდი, რომ დღესდღეობით აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ერთ-ერთი გამოწვევაა,  რომ არც თუ ისე სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს  გარკვეული კანონმდებლობების მიღება და რეფომების განხორციელება. თუმცა დადებითია ის  კონტექსტი რომ, კერძო სექტორის ჩართულობა რეფორების განხორციელებისა თუ კანონების შემუშავების ნაწილში გაზრდილია.“-აღნიშნა გიორგი პაპავამ.

მისივე თქმით, ტურიზმის შესახებ ახალი კანონპროექტი აწესრიგებს მომხმარებლებსა და კომპანიებს შორის ურთიერთობებს და დიდი ალბათობით, ახალი მარეგულირებელი ჩარჩო ქვეყანაში მაღალმხარჯველიანი ტურისტების მოზიდვისა და მათთვის დივერსიფიცირებული პორტფელის შეთავაზების განმაპირობებელი უნდა იყოს.

გიორგი პაპავას  ინფორმაციით,  ტურიზმის შესახებ ახალი კანონის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში იგეგმება.

ცნობისთვის, ტურიზმის შესახებ ახალმა კანონმა 1997 წელს მიღებული და  დღემდე მოქმედი კანონი უნდა ჩაანაცვლოს. კერძო სექტორი იმედოვნებს, რომ მხარეების ჩართულობით, ახალი მარეგულირებელი ჩარჩო ტურიზმს უახლოეს პერიოდში ექნება.

 

 

Businesspartner