ტურიზმი
10/08/2020

“ჰეშკილის ქოხებში“ ყველა ჯავშანი გაუქმდა

„ჰეშკილის ქოხებში“ ყველა ჯავშანი გაუქმდა-ამის შესახებ სასტუმროს დამფუძნებელმა დავით ფილფანმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში განაცხადა. მისი ინფორმაციით, დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება ითქვას, რომ სვანეთში ზაფხულის სეზონი ჩავარდა, შესაბამისად, მისი ბიზნესი საფრთხის ქვეშაა.

„ვისაც დაჯავშნილი ჰქონდა, ვუნახავთ ავანსზე და ისინი დასვენებას ან ზამთრის  ან მომავალი ზაფხულის სეზონზე შეძლებენ.  11 ივლისიდან 10 აგვისტომდე პერიოდში რაც ვიმუშავეთ ეგ იყო. ისედაც კორონავირუსის გამო არ ვიყავით კარგ მდგომარეობაში და ახლა რა იქნება არ ვიცი. გაკოტრებით არ გავკოტრდებით, მაგრამ შეჩერდება ყველაფერი, დაკორექტირდება ის გეგმები რაც გვქონდა“-აცხადებს ფილფანი.

მისი ინფორმაციით,ამ ეტაპზე „ჰეშკილის ქოხებში“ 20-მდე დამსვენებელია.როგორც ფილფანი აცხადებს, მას შემდეგ რაც შიდა ტურიზმი გააქტიურდა, „ჰეშკილის ქოხებზე“ დიდი მოთხოვნაა. 

„ჰეშკილის ქოხები“ მესტიიდან 6 კილომეტრში და ზღვის დონიდან 1900 მეტრზე მდებარეობს. ადამიანებისგან მიტოვებულ ადგილას, უშბას მწვერვალისა და ლაილას ქედის ცენტრში ფილფანების ოჯახმა საოჯახო სასტუმროს 5 წლის წინ მოაწყო. 

როგორც ცნობილია, ბოლო ორი დღის განმავლობაში მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერსა და დაბა მესტიაში COVID- 19-ზე აღებული 30 სინჯიდან ინფიცირების 16 შემთხვევა დადასტურდა. ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგების საფუძველზე უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტში დამატებითი შეზღუდვები დაწესდება.

იზღუდება გადაადგილება, როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე მესტიის მუნიციპალიტეტიდან.შესვლა-გასვლას პოლიცია გააკონტროლებს.

Businesspartner