ტურიზმი
23/02/2023

"HoReCa სექტორში კადრების იმდენად სერიოზული პრობლემა გვექნება, რომ არაქართველების ჩამოყვანაც დაგვჭირდება"

„პირდაპირ ვამბობ, რომ აპრილი-მაისიდან კადრების იმდენად სერიოზული პრობლემა გვექნება, რომ საქართველოში სხვა არაქართველი პერსონალის ჩამოყვანაც გახდება საჭირო.“- ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, კადრების დეფიციტის პრობლემის გამწვავების მოლოდინი გასული წლის გამოცდილებით აიხსნება.

„შარშანაც, როცა სეზონი დაიწყო იგივე პრობლემა გვქონდა. წელს უფრო მეტი ობიექტი იხსნება, მეტი სასტუმრო დაიწყებს ოპერირებას და შესაბამისად, დამატებით კადრებია საჭირო. როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

იმედია, ამ პრობლემურ პერიოდს გავივლით, მაგრამ წინასწარ რასაც ვხედავთ, არის ის რომ აპრილი-მაისი საკმაოდ რთული იქნება.“-აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა.

კითხვაზე, თუ რომელი ქვეყნიდან შეიძლება დაინტერესდნენ საქართველოში მომსახურების სექტორში დასაქმებით, შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი გარკვეული არ არის.

„არ ვიცი ამ ეტაპისთვის საიდან შეიძლება ჩამოვიყვანოთ კადრები. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ადგილობრივი პერსონალი დავასაქმოთ, მაგრამ სამწუხაროდ, ამ კუთხით სერიოზული ნაკლებობა გვაქვს,“-აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა.

მისივე თქმით, 2022 წელი საკმაოდ მაღალშემოსავლიანი და კარგი წელი იყო, თუმცა მიმდინარე წელი ცუდად დაიწყო.

„სამწუხაროდ, 2023 რთულად დაიწყო, კლიმატური პირობების გამო, იანვარი ჩაგვივარდა და იმედია, ბაკურიანში მიმდინარე ჩემპიონატი საქართველოს მაღალმთიანი კურორტების განვითარებისთვის ბიძგი იქნება,“- აღნიშნა ალავერდაშვილმა.

Businesspartner