ტურიზმი
08/02/2021

Inn Group: ტურისტებს სახმელეთო გზით შემოსვლის საშუალებაც უნდა მიეცეთ

სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group-ის აღმასრულებელი  დირექტორი ერეკლე კოკაია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ამუშავდეს ტურიზმი, შესაბამისად, აუცილებელია გაუქმდეს შეზღუდვა სახმელეთო გზით ვიზიტორების შემოსვლაზე. 

„წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, რომ დაუშვეს საჰაერო გზით ვაქცინირებული ტურისტების შემოსვლა, თუმცა, ჩვენთვის გაურკვეველია, რა მნიშვნელობა აქვს აცრილი ადამიანი თვითმფრინავით შემოვა თუ სახმელეთო გზით? არ გვესმის რატომ არ ხსნიან საზღვრებს? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენი ტურისტების უმრავლესობა, 75%-ზე მეტი სახმელეთო გზით შემოდიოდა, აღმოჩნდება, რომ  ტურიზმის მთავარი წყაროა გადაკეტილი, რატომ აკეთებენ ამას გაუგებარია,“ - აცხადებს ერეკლე კოკაია.

ბიზნესმენი მთავრობასთან ცალმხრივ კომუნიკაციაზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, კერძო სექტორი მმართველ გუნდს თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას, თუმცა, უშდეგოდ, მათგან რეაქცია არ არის. „კერძო სექტორს ძალიან ბევრი შეთავაზება გვაქვს გაკეთებული მთვარობასთან, თუმცა, არ არის ხოლმე მათგან გამოხმაურება,“ - აცხადებს კოკაია.

სასტუმროების ქართული ქსელი Inn Group საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. კომპანიის პორტფელშია სასტუმროები თბილისში, ბაკურიანსა და გუდაურში.

რაც შეეხება შეზღუდვებს, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რამდენიმე თვეა  დახურული სამთო-სათხილამურო კურორტებზე არსებული სასტუმროები. 2021 წლის 1 თებერვლიდან კი აღდგენილია რეგულარული ფრენები. 

 

Businesspartner