ტურიზმი
08/06/2022

ჯახუტაშვილი: დიდი პოტენციალია, რომ უახლოეს წლებში ყაზახი ტურისტების რაოდენობა 0.5 მლნ-მდე გაიზარდოს

ყაზახურ-ქართულ ეკონომიკური გაერთიანება უახლოეს წლებში ყაზახი ტურისტების რაოდენობის ნახევარი მილიონით ზრდას ვარაუდობს.

გაერთიანების თავმჯდომარის, გიორგი ჯახუტაშვილის შეფასებით, ტურიზმის დღევანდელი პოლიტიკა მხოლოდ ევროპულ ბაზრებზეა ორიენტირებული, რამაც შესაძლოა, ყაზახეთიდან მაღალბიუჯეტიანი ტურისტების მოზიდვას ხელი შეუშალოს.

"პოსტპანდემიურ პერიოდში ფაქტობრივად მიახლოვებული ვართ ყაზახური ნაკადის სრულყოფილ აღდგენასთან, ვინაიდან პანდემიის შემდეგ დაემატა იაფიანი ავიახაზები და 4 ქალაქიდან ინტენსიური ფრენები. პანდემიამდეც ყაზახეთი იყო სწრაფად მზარდი ქვეყნების ხუთეულში, თუმცა ჩვენი ამბიციაა რომ გავხდეთ ლიდერები ამ მიმართულებით. ყაზახეთიდან საქართველოს მიმართ ინტერესი და ცნობადობა მაღალია. 

ტურიზმის დღევანდელი პოლიტიკა გარკვეულწილად მიმართულია ევროპულ ბაზრებზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ყაზახეთის ბაზარი. სამწუხაროდ, ბოლო 2 წელია ტურიზმის ბიუჯეტში არაა გათვალისწინებული ყაზახეთი და მინდობილია ავიაკომპანიის კეთილ ნებაზე, დახარჯავს თუ არა ინფოტურებზე რესურსს. ჩვენ შეიძლება ყაზახეთიდან გავზარდოთ ტურისტების ნაკადი, მაგრამ შემდეგ ინფრასტრუქტურისგან ან სხვა სერვისებით გამოწვეული უკმაყოფილება ისევ დაბალბიუჯეტიანი ტურისტების რანგში დაგვტოვებს. მაგალითად, ყაზახების ინტერესი საქართველოს მიმართ გამოწვეულია ხელმისაწვდომობით, 3 საათიანი ფრენის რადიუსით, ენობრივი ბარიერით, უვიზო რეჟიმით, ლანდშაპტით და კულტურული მსგავსებით. ეს კრიტერიუმები უნდა გამოვიყენოთ. ასევე, აუცილებელი მიმართულებაა ბალნეოლოგია. სამწუხაროდ, საქართველოში 130 კურორტიდან 3 არის კონდიციაში, თუმცა არასრულყოფილად. საერთო ჯამში, ცნობადობის კამპანიების მიღმა, აუცილებელია იმის გაგება თუ რა სჭირდება ყაზახ ტურისტს. ეს უკვე სამომავლო პოლიტიკაა, უნდა დავგეგმოთ ისეთი საინვესტიციო პროექტები, რომელიც 3-4 წელში ტურისტთა ნაკადს შესაბამის ინფრასტრუქტურას დაახვედრებს",- განმარტავს გიორგი ჯახუტაშვილი. 

ცნობისთვის, პარლამენტში ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანების საქმიანობის, ჩატარებული კვლვებისა და რეკომენდაციების მოსმენა გაიმართა. გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი ჯახუტაშვილმა კომიტეტის ხელმძღვანელს დავით სონღულაშვილს, კომიტეტის წევრებს, ეკონომიკის ექსპერტებს, საქართველოში ყაზახეთის საელჩოს, ბიზნეს სექტორის და მედიის წარმომადგენლებს ვაჭრობის, ტურიზმისა და ინვესტიციების  მიმართულებით მნიშვნელოვანი მიგნებები და  რეკომენდაციები წარუდგინა, რომელიც ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების პოტენციალის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა. 

შეხვედრის მიზანი,  საკანონმდებლო ორგანოსთვის ყაზახეთისა და საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების მნიშვნელობის, ურთიერთობის გაღრმავებასთან დაკავშირებული გეგმების, ხედვებისა და სტრატეგიის გაზიარება და არსებული პოტენციალის შეფასება იყო. კვლევა ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების და TBC კაპიტალის ერთობლივი ძალისხმევით უკვე მეორედ ჩატარდა და აღნიშნული დოკუმენტი 2006-2021 წლების სტატისტიკურ მონაცემებსა და ფაქტებს მოიცავს.

გიორგი ჯახუტაშვილმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხოდმის შემდეგ ტურიზმის სექტორის შესახებ რეკომენდაციებზეც ისაუბრა.

"ჩვენი რეკომენდაცია კომიტეტის წევრების მიმართ და ზოგადად სექტორის მიმართ არის შემდეგი, რომ დავიწყოთ ყაზახი ტურისტების პროფილის უფრო სიღრმისეული შესწავლა, მათი საჭიროებების და მოთხოვნების ანალიზი, რომ მომავალ წლებში შევძლოთ ამ ყველაფრის დაკმაყოფილება და დიდი ნაკადის გრძელვადიანად შენარჩუნება. აღსანიშნავია, რომ ყაზახი ტურისტების შემოსვლაზე რუსეთ–უკრაინის ომს გავლენა არ ქონია",- ამბობს გაერთიანების თავმჯდომარე.

შეხვედრაზე წარმოდგენილი კვლევის მიხედვით, საქართველოში ტურისტების შემოსვლის მიხედვით, ყაზახეთი ყველაზე მზარდი ქვეყნების ხუთეულშია. 2019 წლამდე აღნიშნულის მაჩვენებელი ყოველწლიურად საშუალოდ 26%-მდე იზრდებოდა, მაშინ, როდესაც მხოლოდ 2 ავიაკომპანია, Air Astana და SCAT-ი დაფრინავდა 3 ქალაქიდან. 2021-ში დაემატა FlyArystan 5 ქალაქიდან, შესაბამისად, როგორც გაერთიანების თავმჯდომარე აღნიშნავს, ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს, რომ უახლოეს წლებში ტურისტების რაოდენობა 0.5 მლნ-მდე ავიდეს.

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარებ დავით სონღულაშვილმა ყაზახურ-ქართულ ეკონომიკურ გაერთიანებას ფლაგმანი უწოდა, ამასთან, სამაგალითოდ  შეაფასა  მისი საქმიანობა, მიზნები და ის მიგნებები და რეკომენდაციები, რომელიც გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარემ წარმოადგინა. დავით სონღულაშვილმა ქვეყანას შორის არსებულ შესაძლებლობებზეც ისაუბრა. მისივე თქმით, საქართველოს და ყაზახეთის ეკონომიკურ ურთიერთობას დიდი ტრადიცია და ისტორია აქვს, რომელიც სამწუხაროდ, ბოლომდე ათვისებული და გამოყენებული არ არის. ამასთან, რეგიონში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, შესაძლებლობები ნამდვილად დიდია და მაქსიმალური კოორდინირებაა საჭირო, როგორც ყაზახურ და ქართულ კერძო სექტორს შორის, ასევე სამთავრობო დონეზე.

 

Businesspartner