ტურიზმი
29/11/2022

კახეთში მაღალი კლასის სასტუმრო "ვილა გოდოლი" 2023 წელს გაიხსნება

კახეთში, სასტუმრო „ვილა გოდოლის“  გახსნის თარიღმა 2023 წლამდე გადაიწია. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კლასის  სასტუმროს გახსნა ჯერ 2021 წელს, ხოლო შემდეგ 2022 წელს იყო დაანონსებული, თუმცა, პანდემიამ პროექტის მიმდინარნეობა შეაფერხა.

პროექტის მფლობელი და კომპანია „ვილა გოდოლის“ ხელმძღვანელი გიორგი ქოჩლაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ  ამჟამად თელავის რაიონის სოფელ რუისპირში  55 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს.

ტერიტორიის 3 ჰა-ზე ვენახებია გაშენებული. ქოჩლაძე აცხადებს, რომ ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია.

მისი ინფორმაციით, პროექტის განხორციელება ორ ეტაპადაა დაგეგმილი. კერძოდ, კომპანია „ვილა გოდოლი“ ამავე ტერიტორიაზე მაღალი კლასის ვილებს აშენებს. სწორედ მისი მშენებლობა იქნება პროექტის მეორე ეტაპი. გიორგი ქოჩლაძის განცხადებით, 25 მაღალი დონის ვილის მშენებლობა 2023 წელს დაიწყება. სრულად კომპლექსის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება.

პროექტში დაახლოებით 20 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. აქედან 15 მილიონი ლარი სასტუმროს მშენებლობის ღირებულებაა.

სასტუმროს დიზაინსა და ფასადზე კომპანია „სპექტრუმმა“ იმუშავა. გამოყენებულია ეთნიკური სტილის თანამედროვე ინტერპრეტაცია. მასალები შერჩეულია რეგიონისთვის დამახასიათებელი, როგორც ისტორიული, ასევე თანამედროვე ხასიათით, კერძოდ, კოშკი მოპირკეთებულია რიყის ქვით, დეტალებად კი გამოყენებულია აგურის ვერტიკალური და ჰორიზონტალური ჩანართები.

როგორც ქოჩლაძე აცხადებს, კითხვაზე, სასტუმროში საერთაშორისო ოპერატორის შესვლა არ განიხილება.

კომპანია პროექტს პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში ახორციელებს. „ვილა გოდოლმა“ სახელმწიფოსგან 7.5 ჰა მიწის ფართი 2019 წელს შეიძინა და სასტუმროს მშენებლობაც 2019 წლის ბოლოს დაიწყო.

Businesspartner