ტურიზმი
29/07/2020

კახეთში სასტუმროების 80%-მა ფასები შეამცირა - Cushman & Wakefield Georgia

კახეთში განთავსების საშუალებების 80%-ზე მეტი ბაზარზე შემცირებული საფასო პოლიტიკით ოპერირებს. ფასის შენარჩუნება მხოლოდ 18%-მა მოახერხა.

Cushman & Wakefield Georgia-მ კვლევა ივნისის მესამე და მეოთხე კვირაში ჩატარდა და მასში მონაწილეობის მაჩვენებელმა 85% შეადგინა. გამოკითხული ჰოტელიერების თქმით, კახეთის განთავსების საშუალებებში მიმდინარე სეზონზე ოთახის ღირებულებამ 37%-ით იკლო, ინდივიდუალურად კი, სასტუმროებში 15%-დან 60%-მდე ფასთა კლება აღინიშნება.

საკონსულტაციო კომპანიის კვლევაში მონაწილე რესპონდენტებისგან მიღებული ინფორმაციით, ივნისში სასტუმროების დატვირთულობა ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. აღნიშნულ პერიოდში სხვადასხვა განთავსების საშუალებაში დატვირთულობა 25%-დან 80%-მდე მერყეობს, თუმცა საშუალო მაჩვენებელი ივნისის მესამე და მეოთხე კვირაში 45% იყო. მიუხედავად მაღალი მოთხოვნისა, 2020 წლის ინდიკატორები მაღალ სეზონზე უფრო დაბალია, ვიდრე ეს იყო 2019 წლის იმავე პერიოდში. გასულ წელს სასტუმროების საშუალო დატვირთულობამ კახეთის რეგიონში მაღალ სეზონზე 65%-ს მიაღწია, ხოლო დაბალ სეზონზე მხოლოდ 28% იყო

2020 წლის თებერვლისთვის რეგიონში 231 განთავსების საშუალება იყო დარეგისტრირებული 1,920 ოთახითა და 4,589 საწოლით. 2019 წელს კახეთში 15 სასტუმრო გაიხსნა, რომელთა ოთახების ჯამური რაოდენობა შეადგენს 512, ხოლო მათში საწოლების ჯამური რაოდენობა 1,039 (23% ზრდა). გასულ წელს, დამატებული ოთახების რაოდენობამ სრული რაოდენობის 27% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ წინა წელს კახეთში სასტუმროს მშენებლობაზე სულ 21 ნებართვა გაიცა. მთლიანობაში, გასულ წლებში ნებართვების გაცემის მზარდი ტენდენცია ღინიშნება. ასევე, მზარდი ტრენდია დასრულებულ  მშენებლობებთან მიმართებაშიც. თუკი 2018 წელს 5 სასტუმროს მშენებლობა დასრულდა, ეს ციფრი გაიზარდა 12-მდე 2019 წელს.

Businesspartner