ტურიზმი
15/09/2021

ქუთაისის აეროპორტიდან კრაკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისები განახლდება

ქუთაისის აეროპორტიდან კრაკოვის მიმართულებით პირდაპირი რეისები განახლდება. 

ფრენებს WizzAir-ი ქუთაისიდან პოლონეთის ქალაქ კრაკოვის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით 28 სექტემბრიდან შეასრულებს.

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, WizzAir-თან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.

"მოხარული ვართ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განახლდება პირდაპირი ფრენები კრაკოვის მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანია კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე. ჩვენ ვაგრძელებთ ტურიზმისა და ავიაციის სექტორის გაძლიერებას და სწრაფ აღდგენას," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, პოლონეთთან დამატებით კიდევ ერთი პირდაპირი რეისის დანიშვნა ხელს შეუწყობს ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებას.

„პოლონეთი, ტრადიციულად, მნიშვნელოვანი და ძლიერი ტურისტული მიმართულებაა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვემზადებით შემოდგომისა და ზამთრის ტურისტული სეზონების სათანადო დონეზე წარმართვისთვის და ამ თვალსაზრისით, კიდევ ერთი რეგულარული რეისის დანიშვნა ევროპიდან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქუთაისისა და იმერეთის მხარისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ავიაკომპანია WizzAir საქართველოში ფრენების სიხშირეს ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შესაბამისად ეტაპობრივად ზრდის. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პანდემიამდე არსებული ევროპული მიმართულებების დამატებაზე ავიაკომპანია „ვიზეართან" კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობს.

ქალაქი კრაკოვი პოლონეთის რიგით მეხუთე მიმართულებაა, სადაც 28 სექტემბრიდან მოხვედრა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გახდება შესაძლებელი. ამ ეტაპზე, ქუთაისიდან პირდაპირი რეისები ვარშავის, გდანსკის, ვროცლავისა და კატოვიცეს მიმართულებით სრულდება.

Businesspartner