ტურიზმი
13/08/2021

ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 50%-ით აღდგა

ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში, საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკაა.

2021 წლის ივლისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 42332 მგზავრს მოემსახურა da 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აეროპორტში მგზავრთნაკადის 50% აღდგა (2019 წლის ივლისი - 84 728 მგზავრი). აეროპორტში ავიარეისების აღდგენის დინამიკაც დადებითია, ნიშნული 70%-ს აღწევს: 2021 ივლისი - 186 რეისი, 2019 ივლისი - 267 რეისი.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3 ავიაკომპანია 11 ქვეყნის 19 მიმართულებით ოპერირებს.

"ახალი მიმართულებებისა და ავიაკომპანიების შემოსვლის დინამიკა ქუთაისის აეროპორტში მზარდია, შესაბამისად, აგვისტოში კიდევ უფრო დადებითი მოლოდინები გვაქვს," - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.

აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 112 რეგულარული რეისი, აზიის მიმართულებით კი 54 რეგულარული რეისი შესრულდება.

                                                                                                                                      

Businesspartner

მთავარი სიახლეები