ტურიზმი
09/06/2021

ქუთაისის განახლებული აეროპორტი ოფიციალურად გაიხსნა

ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი ოფიციალურად გაიხსნა.

პროექტის ფარგლებში განახლებული აეროპორტის შიდა ინტერიერის მოწყობა დასრულდა. გაერთიანდა ძველი და ახალი ტერმინალები. ორივე ტერმინალის გაერთიანების შედეგად ქუთაისის აეროპორტს აქვს ერთიანი ტერმინალი, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც მისი შეუფერხებელი ოპერირებისთვის არის საჭირო.

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ძველი ტერმინალის ფართობი 4800 კვადრატული მეტრი იყო, გაფართოების შედეგად კი - ტერმინალის საერთო ფართობი 30 ათას კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა. აქამდე თუ ძველი ტერმინალი წლიურად 600 ათასი მგზავრის გატარებას ახერხებდა, განახლებული ტერმინალის შემთხვევაში მგზავრთა გამტარუნარიანობა წელიწადში 2 ნახევარ მილიონამდე გაიზარდა.

ქუთაისის განახლებული აეროპორტის ტერმინალში სარეგისტრაციო დახლების რაოდენობა 10 დან 18-მდე გაიზარდა, აქედან ორი ე.წ. baggage drop off -ია, სადაც მგზავრები რეგისტრაციის ონლაინ რეჟიმში გავლის შემთხვევაში, ბარგის ჩაბარებას თავისით შეძლებენ. გაზრდილია სასაზღვრო გამშვები ჯიხურების რაოდენობა გაფრენის ზონაში 6 დან 11 მდე, ხოლო მოფრენის მხარეს კი - 8 დან 14 მდე. კომერციული ფართების რაოდენობა ძველ ტერმინალში თუ 200 კვ მეტრის ოდენობის იყო, განახლებულ ტერმინალში უკვე მათი კვადრატულობა 2000 მდე გაიზარდა.

განახლებულ ტერმინალში მოეწყო ე.წ. მწვანე გადახურვა და გამწვანებული ტერასა. აეროპორტს აქვს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) და საათში 1200 მეტი მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, რაც აეროპორტის არსებულ გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის.

განახლებული ტერმინალის მშენებლობა 2017 წლის ნოემბერში დაიწყო. ტერმინალის გაფართოება 35 მლნ დოლარი დაჯდა. აეროპორტის გაფართოების პროექტზე დასაქმებული იყო 500-ზე მეტი ადამიანი. პროექტში ჩართული იყო 100-ზე მეტი წამყვანი ქართული და უცხოური კომპანია.

Businesspartner