ტურიზმი
13/01/2022

ლაშა პაპაშვილი: ამ ეტაპზე სასტუმრო Hilton-ის ხარჯები შემოსავალს აღემატება

თბილისში, Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმრო პანდემიის მიუხედავად მუშაობს, თუმცა, შექმნილ სიტუაციაში ხარჯები შემოსავალს აღემატება.

კომპანია „რედიქს ჯგუფის“ ხელმძღვანელი ლაშა პაპაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ  ორი თვის წინ გახსნილ სასტუმროში ტურისტები არიან, თუმცა განახევრებული რაოდენობა კომპანიის გათვლასთან შედარებით.

„მუშაობას ვერ შევაჩერებთ, ეგ უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე ამუშავება. ამიტომ არ განვიხილავთ დროებით დახურვას,“ - აღნიშნავს პაპაშვილი.

შეგახსენებთ, Hilton Garden inn.-ი ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა EBRD-ის თანადაფინანსებით ჭავჭავაძის გამზირზე ააშენა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 40 მლნ დოლარია. 14-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა, სადაც 165 ნომერია განთავსებული, საშუალო სეგმენტსა და ბიზნეს მოგზაურებზეა გათვლილი.

სასტუმროს გახსნისას პაპაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებდა, რომ თვეში 25%-იანი დატვირთულობაც მენეჯმენტისთვის საწყის ეტაპზე მისაღები იქნებოდა.

Hilton-ის ბრენდის ქვეშ სასტუმრო უკვე ფუნქციონირებს ბათუმში, რომელიც 2015 წელს გაიხსნა. Hilton-ის ბრენდის მეორე სასტუმრო თბილისში, სოფლის მეურნეობის სასტუმროს ყოფილ შენობაში გაიხსნება. ამავე ბრენდის ქვეშ სასტუმროს მშენებლობას გეგმავს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ბიზნესმენი დავით კოდუა.

 

 

Businesspartner