ტურიზმი
20/08/2020

ლეჩხუმში ეკო სოფლის და სასტუმრო კომპლექსის მშენებლობით ბიზნეს-ჯგუფები დაინტერსდნენ

ლეჩხუმში სასტუმრო ბიზნესში მსხვილი ინვესტიციის განხორციელებით რამდენიმე ბიზნეს-ჯგუფია დაინტერესებული. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში ცაგერის მერმა  ავთანდილ უგრეხელიძემ ისაუბრა. რომელ ბიზნეს-ჯგუფზეა საუბარი ამაზე ცაგერის მერი არ საუბრობს, თუმცა, აცხადებს, რომ მათი მხრიდან ამჟამად  კონკრეტული ლოკაციის კვლევა მიმდინარეობს.

„აკვირდებიან ტურისტების რაოდენობას, არჩევენ ადგილებს, რა ტიპის კომპლექსის გაკეთება სჯობს და სად. ისინი უპირატესობას უფრო ეკო სოფლის პროექტს ანიჭებენ, ვიდრე ერთი დიდი სასტუმროს მშენებლობას. თუმცა, არის ორი დიდი ბიზნეს ჯგუფი, რომლის ინტერესიც ცაგერის რაიონში დიდი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობაა“-აცხადებს უგრეხელიძე.

კითხვაზე, დღევანდელი მდგომარეობით, ლეჩხუმს დღეში რამდენი ტურისტის მიღება შეუძლია და არის თუ არა მზად რეგიონი დღეს მიიღოს და უმასპინძლოს დამსვენებელს, ცაგერის მერი  აცხადებს, რომ სასტუმრო ბიზნესი ლეჩხუმში კარგად განვითარებული არ არის. თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ მას შემდეგ რაც რეგიონის მიმართ ინტერესი გააქტიურდა, გაჩნდა სურვილი ადგილობრივი კერძო ინვესტორების მხრიდანაც, რომ ეს მიმართულება განავითარონ .

„არის საოჯახო ტიპის სასტუმროები, არის რამდენიმე ეთნო სასტუმროც, თუმცა, ბრენდული და მაღალი კლასის  არცერთი არ არის. ამ სეზონიდან დაიწყო კვების ობიექტების მომრავლებაც.ამ დროისთვის ნაწილი მშენებარეა, ნაწილი უკვე ამოქმედდა“-აცხადებს უგრეხელიძე.

მისივე ინფორმაციით,დღეს ლეჩხუმში სასტუმრო ბიზნესს ერთდროულად 250 ტურისტის მიღება შეუძლია.  

რაც შეეხება იმას, თუ რა ხვდება ადგილზე ჩასულ ტურისტს,რისი შეთავახებაა შესაძლებელი და  რეგიონი განვითარებულია თუ არა ინფრასტრუქტურულად, ცაგერის მერი  „ბიზნესპარტნიორს“ უყვება ყველა იმ სამუშაოზე, რომელიც ბოლო პერიოდში რეგიონში განხორციელდა. მათ შორისაა ლეჩხუმის სხვადასხვა ლოკაციაზე ტურისტული წერტილების მოწყობა.

„მაგალითად,მოეწყო მურის ციხესთან მისასვლელი ბილიკები. რელიგიური ტურიზმის კუთხით ასევე გაზრდილია ლეჩხუმის  ცნობადობა, რაც განპირობებულია წმ.მაქსიმე აღმსარებლის საფლავის აღმოჩენით, ტაძრის აგებით და მომლოცველების აქტივობით.გაკეთდა ორბელის გადასახედი, საიდანაც ჩანს ლეჩხუმის ორი ხეობა, გაკეთდა 60 მეტრიან ღვირიშის ჩანჩქერზე მინის ხიდი. გარდა ამისა, კერძო ინვესტიციებით და სახელმწიფო პროგრამების დახმარებით გაკეთდა მწვანე ტბა, რომელიც ლეჩხუმში ძალიან პოპულარულია“-აცხადებს უგრეხელიძე.

მისივე ინფორმაცით,ავსტრიის განვითარების ფონდის დახმარებით,დასრულდა როგორც ლეჩხუმის ტურისტული პოტენციალის კვლევა, ასევე გენგეგმაზე მუშაობაც.ცაგერის მერი აცხადებს, რომ დაახლოებით 20 სექტემრისთვის დონორების ხელშეწყობით ლეჩხუმის ტურისტული ცენტრი გაიხსნება.

„მოხდა საინტერესეო ადგილების კვლევა, რომლის კეთილმოწყობაც უფრო პოპულარულს გახდის ლეჩხუმს. ძალიან მნიშნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ აზიის განვითრაების ფონდი ახორციელებს სამთო ტურიზმის განვითარების პროგრამას რაჭა-ლეჩხუმის და იმერეთის მხარეში. მათი დახმარებით  ხდება  სამთო ბილიკების მარკირება. რამდენიმე გაკეთებულია, გეგმაშია 12-მდე ბილიკის მოწყობა“-აცხადებს უგრეხელიძე.

მისივე განცხადებით, იწყება ლეჩხუმისთვის ერთ-ერთი მნიშბნელოვანი ტურისტული ადგილის -საირმის სვეტების  რეკოსტრუქცია. როგორც ცაგერის მერი აღნიშნავს, უახლოეს მომავალში, უფრო კონკრერულად კი, მომავალი წლისთვის ლეჩხუმს 15 ახალი ტურისტული ლოკაცია დაემატება.

ავთანდილ უგრეხელიძე აღნიშნავს, რომ პანდემიის ფონზე ლეჩხუმის ცნობადობა მკვეთრად, დაახლოებით 3-4 ჯერ გაიზარდა.მანამდე კი ინტერსი ნაკლებად იყო.ცაგერის მერი ამას რამდენიმე  ფაქტორით ხსნის. პირველი, იმ სარეკლამო კამპანიებით, რაც როგორც მუნიციპალიტეტის, ისე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ჩატარდა.

მეორე,  ლეჩხუმით დაინტერსება  და მისი ტურისტული ცნობადობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც გაკეთდა ხვამლისკენ მისასვლელი გზა. საუბარია, 17 კილომეტრზე, რამაც თითქმის ყველა მისცა საშუალება ადგილზე ნებისმიერი ტიპის ავტომობილით ავიდეს.

Businesspartner