ტურიზმი
29/11/2021

ლოპოტა სპა რეზორტი: "მწვანე ბარათების" ამოქმედებამ, არ მგონია, ჩვენს ბიზნესს დარტყმა მიაყენოს

„ლოპოტა სპა რეზორტის“ გენერალური მენეჯერი მაკა ღლიღვაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“  ზამთრის საკურორტო სეზონის მოლოდინებზე საუბრობს და აცხადებს, რომ სასტუმროებში, რესტორნებსა და ფიტნეს დარბაზებში 1-ლი დეკემბრიდან მომხმარებლების ე.წ. მწვანე პასპორტის გარეშე შესვლის გადაწყვეტილება აქტივობაზე დიდი ალბათობით არ იმოქმედებს.

„ინიციატივას ვემხრობი რამდენადაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია არამარტო სტუმრების, არამედ ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება. საერთაშორისო ვიზიტორი ისედაც შემოდიოდა PCR ტესტის ან ვაქცინაციის საფუძველზე, შესაბამისად, საერთაშორისო ვიზიტორზე ეს იმდენად არ იმოქმედებს.

რაც შეეხება ადგილობრივ დამსვენებელს, საკმაოდ დიდი ჩამონათვალია, თუ როგორ შეიძლება „მწვანე პასპორტის“ მფლობელი იყო. გარდა ამისა, ჩვენი მომხმარებლების უდიდესი ნაწილი გვგონია, რომ ისედაც აცრილია. დანარჩენს კი ან გადატანილი აქვს, ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხი აქვს. შესაბამისად, არ მგონია, რომ ამ გადაწყევტილებამ გამოიწვიოს დიდი დარტყმა ჩვენს ბიზნესზე,“ - აცხადებს ღლიღვაშვილი.

„ლოპოტა სპა რეზორტში” ნოემბერი საკმაოდ აქტიური აღმოჩნდა, თუმცა, კომპანია გაცილებით დიდ აქტივობას ახალი წლის დღეებში ელოდება. „წელს გარე სივრცეში გვექნება ფანტასტიური საახალწლო პროგრამა, გარდა ამისა, საშობაო-საახალწლო პერიოდში გვექნება არაერთი სიურიზი. საახალწლო საღამოზე ჯავშნები უკვე არის, მოწვეული გვყავს იტალიური ჯაზ ბენდი, ჩვენს საშობაო სოფელში კარგ განწყობას ველოდებით,“ - აცხადებს ღლიღვაშვილი.

„ლოპოტა სპა რეზორტი ბაზარზე“  2006 წლიდან არის წარმოდგენილი. ესაა დასასვენებელი კომპლექსი კახეთში, ლოპოტას ტბასთან ახლოს, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი პირველი რეზორტული ტიპის სასტუმრო კომპლექსია. 

რაც შეეხება შეზღუდვას, 1-ლი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტი ამოქმედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია ორჯერ, ჩატარებული აქვს 72-საათიანი „პისიარ“ ტესტი, 24-საათიანი ანტიგენ ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ მწვანე პასპორტის პრინციპით შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტში. ეს არის კვების ობიექტები, გასართობი ცენტრები, გასართობი ობიექტები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები.

 

Businesspartner