ტურიზმი
29/07/2020

მაღალი კლასის ვილები და სასტუმრო კახეთში - "ვილა გოდოლი" სტუმრებს მომავალი წლიდან მიიღებს

კახეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კლასის სასტუმრო „ვილა გოდოლი“ სტუმრებს მომავალი წლიდან მიიღებს.

56 ნომრიანი სასტუმრო რუისპირში გაიხსნება, პროექტის საინვესტიციო ღირებულება კი 15 მლნ ლარია.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „ვილა გოდოლის“ მფლობელმა და დირექტორმა გიორგი ქოჩლაძემ განუცხადა, სასტუმროს ტერიტორიის 3 ჰა-ზე ვენახებია გაშენებული.

სასტუმროს მშენებლობაზე ამ დროისთვის დასაქმებულია 21 ადამიანი, თუმცა დაახლოებით 3 თვეში მათი რაოდენობა 100-მდე გაიზრდება, სასტუმროს გახსნის შემდეგ კი პირველ წელს 80 ადამიანი იქნება დასაქმებული, მესამე წელს კი მათი რაოდენობა 110-მდე გაიზრდება.

კომპანია „ვილა გოდოლი“ ამავე ტერიტორიაზე მაღალი კლასის ვილებს აშენებს. „აქ იქნება 25 მაღალი დონის ვილა, ეს პროექტის მეორე ნაწილია და მათი დასრულება 2022 წლისთვის იგეგმება“, - აცხადებს გიორგი ქოჩლაძე.

მაღალი კლასის ვილების ღირებულება დაახლოებით 350 000-500 000 დოლარი იქნება. გიორგი ქოჩლაძე არ ფიქრობს, რომ ამ თანხად ვილების რეალიზაცია გაჭირდება. მისი განმარტებით,  კომპლექსი წელს რომ იხსნებოდეს,  რეალიზაცია გაჭირდებოდა, თუმცა ვინაიდან სასტუმრო 2021 წელს იხსნება, ვილები კი 2022 წელს, განწყობა ოპტიმისტური აქვს.

„ვიმედოვნებთ, რომ პანდემია წლის ბოლომდე მინელდება და მომავალში ინტერესიც იქნება. რა თქმა უნდა, ტურიზმის სექტორში უცებ 2018-2019 წლის მაჩვენებელს ვერ დავუბრუნდებით, თუმცა აღსანიშნავია, რომ დღეს მსოფლიოში მწვანე ზონები ძალიან ცოტაა, საქართველომ შეძლო და ეს სახელი ჩვენთვის სტრატეგიულ ბაზრებზე დაიმკვიდრა. დარწმუნებული ვარ, მომავალში მოგზაურები აუცილებლად გაითვალისწინებენ პანდემიის პირობებში როგორ შეძლეს ქვეყნებმა პროცესის მართვა და საქართველოს ამ თვალსაზრისით ნამდვილად კარგი გამოცდილება აქვს“, - აცხადებს ქოჩლაძე.

სასტუმროს დიზაინსა და ფასადზე კომპანია „სპექტრუმმა“ იმუშავა. გამოყენებულია ეთნიკური სტილის თანამედროვე ინტერპრეტაცია. მასალები შერჩეულია რეგიონისთვის დამახასიათებელი, როგორც ისტორიული, ასევე თანამედროვე ხასიათით, კერძოდ: კოშკი მოპირკეთებულია რიყის ქვით, ხოლო დეტალებად გამოყენებულია აგურის ვერტიკალური და ჰორიზონტალური ჩანართები.

აივნების და თაღების პროპორციები შეესაბამება ისტორიულ კახურ აქიტექტურულ პროპორციებს. რაც შეეხება ფანჯრებს, ისინი მეტად აქცენტურია და გაფორმებულია კახეთის რეგიონისთვის დამახასიათებელი კარნიზებით და ჩარჩოებით.

სასტუმრო მწვანე პროექტებს განეკუთვნება, მშენებლობისას გამოიყენება ეკოდათბუნების საშუალებები. სასტუმროს ტერიტორიაზე იგეგმება მხოლოდ ეკოლოგიური ტრანსპორტით გადაადგილება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.

„ვილა გოდოლი“ ჩართულია EBRD-ის ქეშბექ პროგრამაში, ასევე ევროკავშირის პროგრამაში, რომელიც საქართველოში მწვანე პროექტების განხორციელებას ახალისებს და ის ორიენტირებულია ჰაერში CO2-ის ნაკლებ გამოტყორცნაზე.

კომპანია პროექტს პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში ახორციელებს. „ვილა გოდოლმა“ სახელმწიფოსგან 7.5 ჰა მიწის ფართი 2019 წელს შეიძინა და სასტუმროს მშენებლობაც 2019 წლის ბოლოს დაიწყო.

 

Businesspartner