ტურიზმი
09/07/2020

მაია ცქიტიშვილი: აღმოვაჩინოთ რამდენი რამ გვქონია სანახავი და ვიქცეთ უცხოელებისთვის გიდებად

ჩვენი პროექტები და შიდა ტურიზმის კამპანია ემსახურება იმას, რომ თავად აღმოვაჩინოთ, თუ რამდენი რამე გვქონია სანახავი და მერე უკვე ჩვენ თვითონ ვიქცეთ უცხოელი ტურისტებისთვის გიდებად, - მაია ცქიტიშვილი შიდა ტურიზმის განვითარების გეგმებსა და კამპანიის მნიშვნელობაზე საუბრობს.

ვიცეპრემიერმა ვანში მსოფლიო დონის მუზეუმის მნიშვნელობაზე აღნიშნა. მისი თქმით, ქვეყნის ოქროს ფონდის დიდი ნაწილი სწორედ იქ მოპოვებული ექსპონატებით არის მდიდარი და შევსებული.

"ვანი არის ძალიან დიდი მიზიდულობის ცენტრი და ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილი.

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია ახლახანს დაასრულა. სამუშაოები სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

მუზეუმი 1985 წლის შემდეგ არ განახლებულა. სამუზეუმო კომპლექსისთვის აშენდა ახალი ოთხსართულიანი შენობაში, მოეწყობა ავტოსადგომი, მცირე ბიბლიოთეკა, თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორია, სამეცნიერო შეხვედრებისთვის აუდიტორია.

მუზეუმში დასასრულს უახლოვდება ვანის არქეოლოგიური გათხრების შედეგად სხვადასხვა დროს აღმოჩენილი მსოფლიო მნიშვნელობის, უნიკალური ნივთების ექსპოზიციის მოწყობა და ვანის განახლებული მუზეუმი პირველ მნახველებს მალე მიიღებს.

პროექტში, დაახლოებით, 11 მილიონი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მოხდა მუზეუმის აღჭურვა და მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის მხოლოდ საექსპოზიციო ნაწილი, ძალიან მაღალი დონით არის აღჭურვილი საკვლევი აპარატურა, ასევე საცავები, რაც მისცემს საშუალებას ვანის მუზეუმს მოიზიდოს არა მხოლოდ მნახველი, არამედ მკვლევარიც. მუზეუმის განვითარება მისცემს საშუალებას ვანის მოსახლეობას, ისევე როგორც სხვა რეგიონების მოსახლეობას ისარგებლოს ყველა არსებული პროგრამით. „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში გვაქვს არაერთი დაფინანსების და სუბსიდირების პროგრამა, რომელიც მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას ისარგებლოს ყველა იმ პროგრამის სუბსიდირების პაკეტით , რომელიც მათ საშუალებას მისცემს გაარემონტონ სახლები, მოაწყონ „გესთ ჰაუსები“. „აწარმოე საქართველოს“ ტურისტული კომპონენტი უკვე რამდენიმე წელია რაც აქტიურია, მაგრამ კოვიდის შემდეგ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ჩვენ საგრანტო კომპონენტიც მნიშვნელოვნად გავზარდეთ და დაახლოებით, 40 მილიონი ლარი მთელი საქართველოს მასშტაბით არის განსაზღვრული 30 000 ლარი საგრანტო დაფინანსებისთვის, ანუ ეს არ არის სესხი, ეს არის გრანტი, რომელზეც მოსახლეობამ შესაძლოა შეავსოს განაცხადი და შემდგომში მოახმაროს ეს თანხა როგორც კვების ობიექტების, ისე „გესთ ჰაუსების“ მოწყობას. ჩვენი ამოცანაა, ასეთი პროექტების განხორციელებით მივცეთ საშუალება ადგილობრივ მოსახლეობას მიიღონ შემოსავალი, ჩვენ კი გავხადოთ ჩვენი ქვეყანა უფრო მდიდარი ასეთი ადგილებით და ტურისტული ლოკაციებით.

ონშიც დაწყებულია ახალი მუზეუმის მშენებლობა, რომელიც ასევე მსოფლიო დონის მუზეუმი იქნება.

იქაც მდიდარი კოლექციაა, დაახლოებით 14 ათასი ექსპონატია ბრინჯაოს ხანის პერიოდიდან. არის მდიდარი ეთნოკულტურული, ისტორიული და არქეოლოგიური კოლექცია,“-  განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

Businesspartner